“შავ სიაში” შევლენ მოსამართლეები, პოლიციელები და პროკურორები,” – თინა ბოკუჩავა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, ე.წ. შავი სიის შედგენა მნიშვნელოვანია და ამ თემაზე ოპოზიცია კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორთან გაივლის.

თინა ბოკუჩავას თქმით, “შავი სიის” შემდეგ ხუთეულში ის სამართალდამცველებიც შევლენ, რომლებიც კანონს არღვევენ.

“ჩვენი მიზანია რომ ეს სია შევადგინოთ, მათ შორის, კონსულტაციები გავიაროთ არასამთავრობო სექტორთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ეს არის მრავალპარტიული ფორმატი.

სავარაუდოდ, შემდეგ ხუთეულშიც, ასევე, შევლენ მოსამართლეები, პოლიციელები და პროკურორები, რომლებიც არღვევენ კანონს,”-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით დღეს ოპოზიციის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. ლიდერები სიის ერთ ნაწილს, სავარაუდოდ, დღეს, ამ მოლაპარაკების შემდეგ გაასაჯაროვებენ. ოპოზიცია ამბობს, რომ იქნება ორი სია, საჯარო პირების, რომლებიც პოლიტიკური დევნის ფაქტებში მონაწილეობენ და მეორე – დაზარალებულების სია.