აფხაზეთში სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია

აფხაზეთში სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია. აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლესთან პოლიციის ალყაში არიან მოქცეულნი.

სამასამდე ადამიანი შენობას ამ დრომდე არ თმობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ იარაღის საცავიდან რამდენიმე ათეული ცეცხლსასროლი იარაღი აიღეს. ძალისმიერ სცენარს გამორიცხავენ არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრები.

დაპირისპირებულ მხარეთა მორიგების იმედი, როგორც ჩანს, უშიშროების საბჭოში ნაკლებად აქვთ. არაღიარებული უწყების ხელმძღვანელმა მედიასთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ სიტუაცია  დანაკარგის გარეშე განიმუხტება.

ე.წ მთავრობასთან შეთანხმებაზე არ უსაუბრია ალექსანდრე ანქვაბს. დე ფაქტო ყოფილი პრეზიდენტი ხალხის მიერ დაკავებულ შენობაში შევიდა, თუმცა რა მიზნით, ჯერჯერობით, უცნობია. პროცესებს ასევე ეხმაურებიან ე.წ ოპოზიციური ბლოკის წარმომადგენლებიც.

საგარეო და შინაგან საქმეთა უწყებები აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ქვეყნის შიდა საქმედ განიხილავენ. ასევე, გამოთქვამენ იმედს, რომ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.

ვითარება გუშინ დაიძაბა. ოპოზიციის პროტესტი აფხაზეთის  რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ალხას კვიცინიას სარჩელის განხილვა არჩევნების შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

ოპოზიციური კანდიდატის ალხას კვიცინიას ​მომხრეები   საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას და რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვენ. გუშინ აქციის მონაწილეებმა  პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს.