კატეგორიული უარყოფის შემდეგ ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ უკრაინული თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს, თუმცა შემთხვევით. ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბი სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ განცხადებაში მომხდარს “ადამიანურ შეცდომას” უწოდებს. ქვეყნის მათვრობაში პირობას დებენ, რომ მომხდართან კავშირში მყოფი პირები პასუხს კანონის შესაბამისად აგებენ.
“სევდიანი დღეა. ამერიკის შეერთებული შტატების ავანტიურისაგან გამოწვეული კრიზისის დროს ადამიანთა შეცდომამ კატასტროფა გამოიწვია. გვსურს ჩვენი ხალხის და ასევე ყველა გარდაცვლილი ოჯახის მიმართ ღრმა სინანული, ბოდიში და თანაგრძნობა გამოვხატოთ,” – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფიმ.
ჯერ კიდევ გუშინ მედიით, თეირანში უკრაინული ლაინერის ავიაკატასტროფის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. გამომძიებელი ჟურნალისტები ამტკიცებდნენ, რომ ლაინერი ორი რაკეტით ჩამოაგდეს, ხოლო ირანულმა რადარებმა სამგზავრო თვითმფრინავი როგორც სამიზნე ისე აღიქვეს. ფაქტი ოფიციალურმა თეირანმა რამდენჯერმე უარყო და შეერთებული შტატები, კანადა და დიდი ბრიტანეთი ფსიქოლოგიური ომის წამოწყებაში დაადანაშაულა.