CNN-მა თბილისური შობა-ახალი წლის შესახებ სტატია მოამზადა. სარეკლამო მასალაში, რომელიც ახალი წლის აღნიშვნის ქართულ ტრადიციებს ეხება, ტურისტებს საქართველოს დედაქალაქში ჩასვლისა და ისტორიული ქალაქის კულტურისა და ტრადიციების გაცნობისკენ მოუწოდებენ. მოწოდებას, როგორც ყოველთვის, არავინ გამოეხმაურება, რუსი და ყოფილი საბჭოთა ტურისტების გარდა; მაგრამ ვინ იხდის ამ ინფანტილიზმში ფულს?
ამერიკული “სი-ენ-ენ” ლამის გაოგნებულია თბილისური საახალწლო განათებებით, თითქოს ასეთი რამ მსოფლიოში იშვიათობა იყოს 21-ე საუკუნის მე-20 წელს.
„საქართველოში მართლმადიდებლური ტრადიციის გამო შობა-ახალი წლის დღესასწაული დიდხანს გრძელდება და ამიტომ ეს ქვეყანა იდეალური ადგილია დღესასწაულის გასაგრძელებლად. თუ არ ხართ მზად, დაემშვიდობოთ საშობაო განწყობას, ჯადოსნურ ბრწყინვალებას, ქუჩის გემრიელ საკვებსა და სადღესასწაულო ხმაურს, თბილისი თქვენთვის იდეალური ადგილი იქნება.
თბილისში მკვეთრად ევროპული გარემოა და ეს შესანიშნავი ამბავია ადამიანებისთვის, ვისაც სურს იანვრის შუა რიცხვებამდე იზეიმოს. ამისთვის შესანიშნავი ადგილი ორბელიანისა და რესპუბლიკის მოედნებია, სადაც საშობაო ბაზრობებია მოწყობილი. მთელი ქალაქი სადღესასწაულო განათებით არის გაბრწყინებული. ეს არის ძალიან ლამაზი და ექსტრავაგანტური სანახაობა, რითაც თბილისს შეუძლია იამაყოს.
საახალწლო თემა თბილისში წელს კოსმოსური სივრცე იყო და ქალაქი ჩვენი გალაქტიკისა და მზის სისტემის ილუმინაციებით განათდა. ძალიან ლამაზია საახალწლო ნაძვის ხეც, რომელიც ქალაქში ყველაზე მაღალია და რესპუბლიკის მოედანზე დგას. ამავე მოედანზე იმართება საახალწლო კონცერტები, რომელშიც ასობით არტისტი მონაწილეობს.
ახალ წელი თბილისში ეფექტური ფოიერვერკით აღნიშნეს. განსაკუთრებით საინტერესო და შესანიშნავი კი ბედობის დღის ტრადიციაა, რომელიც 2 იანვარს აღინიშნება. დღესასწაულის ყველაზე გემრიელი ნაწილი ტრადიციული ქართული კერძებია, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. გაიცანით ქალაქი, სადაც შობა-ახალ წელს შესანიშნავად გაატარებთ, მით უმეტეს, რომ ეს ადგილი ევროპის დიდი ქალაქების უმრავლესობიდან არც თუ ისე შორსაა. ჩადით ქალაქში, რომელმაც იცის დღესასწაულების აღნიშვნა“, – ნათქვამია სტატიაში.
სასურველი იქნება, თუკი საქართველოში ფულის თვლას და ფულის ყადრს ვისწავლით და ტყუილუბრალოდ არ გავანიავებთ სიმწრით ნაშოვნ დოლარებს მათ სამშობლო ამერიკაში.