“ნიუსფრონტის” შენიშვნა: წინამდებარე მასალა არ ეკუთვნის ჩვენს რედაქციას. ამ სავალალო სტილსა და შინაარსს, რომელიც სხვა გამოცემამ გამოაქვეყნა, სპეციალურად გთავაზობთ ცვლილებების გარეშე:
8 იანვარს ზუგდიდში მდებარე სასტუმრო „ლეთომ“ საშობაო დღესასწაული გამართა. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისიდან ჩაიყვანეს მომღერალთა ჯგუფი. ამ საღამოს ბევრი ადამიანი დაესწრო, მათ შორის ადგილობრივი ე.წ. ბომონდიც.
თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო და საღამოც ლამაზი უნდა გამოსულიყო, მაგრამ ყველაფერი რუსული ესტრადისადმი არაჯანსაღმა ლტოლვამ გააფუჭა. რამდენიმე სიმღერის შემდეგ, ამ ე.წ. ბომონდის წარმომადგენლებმა მოითხოვეს რუსული რეპერტუარი. მომღერლებმა მხოლოდ ერთი რუსული სიმღერა შეასრულეს და აღნიშნეს, რომ რუსულ ენაზე მეტჯერ აღარ იმღერებდნენ.
ამან ე.წ. ბომონდი გააღიზიანა. მათ ატეხეს ჩხუბი. როგორც „თაიმერს“ თვითმხილველები უყვებიან, გალახეს სასტუმროს მეპატრონის სიძე, აგინებდნენ მიმტანებს და კატეგორიულად ითხოვდნენ რომ მომღერლებს რუსულად ემღერათ. თან ყვიროდნენ, რომ ეს ზუგდიდი იყო და როგორც მათ სურდათ ისე უნდა ყოფილიყო. ხელჩართული ჩხუბის დროს მომღერლებსაც მოხვდათ.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, რუსულ სიმღერების მოთხოვნით ჩხუბში რამდენიმე ყოფილი სპეცრაზმელიც მონაწილეობდა. ჩხუბის მონაწილე ორი პიროვნება ალფენიძე და ბებია 1000-1000 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით გაათავისუფლეს.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ უკვე დაიწყო გამოძიება. უწყების ცნობით გამოძიება დაწყებულია 239-ე მუხლის მესამე ნაწილით,რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს.
წყარო: “თაიმერი”