თამაშებზე სპორტსმენებს ჟესტებით პოლიტიკური პროტესტი აეკრძალათ

2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენებს პროტესტის, ან რაიმე სახის პოლიტიკური გზავნილით პოზიციის გამოხატვა ეკრძალებათ. წერს Guardian-ი.

ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოს ზაფხულის თამაშებისთვის 50 წესისგან შემდგარ მისივე სახელმძღვანელოში ასახა. სპორტსა და ოლიმპიურ თამაშებში ნეიტრალიტეტის დასაცავად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი განმარტავს, თუ რა სახის პროტესტზეა საუბარი.

მაგალითად, სპორტსმენებს ეკრძალებათ ნებისმიერი პოლიტიკური შეტყობინების გავრცელება, ნიშნების, ჟესტების და სამკლაურის გამოყენებით, როგორიცაა ხელით რაიმე სახის ჟესტის გამოხატვა, ან დაჩოქება ცერემონიის პროტოკოლის უარსაყოფად.

„ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რადგან სპორტი ნეიტრალური და პოლიტიკისგან, რელიგიური თუ სხვა ნებისმიერი ტიპის ჩარევისგან თავისუფალი უნდა იყოს. კერძოდ, მთავარი ყურადღება უნდა გამახვილდეს სპორტსმენთა წარმოდგენაზე, სპორტისა და მისი ღირებულებების წარმოჩენაზე“, – წერია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სახელმძღვანელოში.

მისივე თანახმად, სპორტსმენებს გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა „ოლიმპიური უბნის“ მიღმა, პრესკონფერენციებზე, ინტერვიუებში, გუნდურ შეკრებაზე, სოციალურ მედიასა და სხვა მედია პლატფორმაზე შეუძლიათ. მედია წერს, რომ ახალი სახელმძღვანელოს შემოღებას წინ უძღოდა ამერიკელი მოფარიკავის რეის იმბოდენის პროტესტი, როდესაც მან 2019 წლის აგვისტოში, პანამერიკული თამაშების დაჯილდოების ცერემონიაზე, აშშ-ის ჰიმნის შესრულებისას დაიჩოქა.

„რასიზმი, იარაღზე კონტროლის არარსებობა, მიგრანტებთან სასტიკი მოპყრობა და პრეზიდენტი, რომელიც ზიზღს ავრცელებს“, – ასე ახსნა მაშინ პროტესტი სპორტსმენმა. წელს, ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 24 ივლიდან 9 აგვისტომდე პერიოდში გაიმართება, პარაოლიმპიადა კი ოდნავ მოგვიანებით, 25 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე ჩატარდება.