ამ დროისთვის არსებულ ვაკანტურ ადგილებს უზენაეს სასამართლოში ახალი, მე-10 მოწვევის პარლამენტი შეავსებს

უზენაეს სასამართლოში ამ დროისთვის არსებულ ვაკანტურ ადგილებს მე-10 მოწვევის პარლამენტი შეავსებს. გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი ვენეციის კომისიისთვის მიცემული დაპირებით ხსნის.

 

როგორც “ქართული ოცნების” წევრები აცხადებენ, მე-9 მოწვევის პარლამენტი იუსტიციის საბჭოსგან მიღებულ 6 კაციან სიაზე მსჯელობას არ დაიწყებს.

“ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ გავითვალისწინებდით ვენეციის კომისიის რეკომენდაციას იმის თაობაზე, რომ ერთი მოწვევის პარლამენტს არ უნდა დაეკომპლექტებინა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი და როგორც მოგეხსენებათ, ამ მოწვევის პარლამენტმა 28-დან 14 მოსამართლე, მათ შორის ამ რეკომენდაციის გათვალისწინებით, აირჩია.

შესაბამისად ჩვენ ვრჩებით ბუნებრივია ამ განცხადებაზე: 14 მოსამართლე არის არჩეული და სავარაუდოდ, შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს უკვე სხვა მოსამართლეებს,” – აცხადებს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი კობახიძე.

ახალ 6 კაციან სიაში ილონა თოდუა, გენადი მაკარიძე, ნინო სანდოძე, პაატა სილაგაძე, გიორგი ტყავაძე და თეა ძიმისტარაშვილი მოხვდნენ. მათგან პაატა სილაგაძე სიაში იყო პირველ შემთხვევაშიც, თუმცა კენჭისყრის დროს მას არც ერთმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა.