პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” მიერ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალების შეფასებას გამოეხმაურა.
როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, საქმეზე სახელმწიფომ სრულფასოვანი გამოძიება ჩაატარა.
“ჩვენი ქვეყანა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალიან სწორმა და დროულმა მოქმედებამ ძალიან სერიოზულ საფრთხეს ააცილა. თუ ვინმეს აქვს კითხვები, შეუძლია, მიმართოს შესაბამისს ორგანოებს,” – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებს აფასებს. ორგანიზაცია განმარტავს, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ, სროლის განმახორციელებელი და ადგილზე მყოფ სხვა სპეცრაზმელთა გამოკითხვა დაგვიანებით და ფორმალურად ჩატარდა.
ასევე, მათ მიმართ არ არის დასმული საქმეზე სიმართლის დასადგენად მნიშვნელოვანი და კრიტიკული კითხვები, არ არის დაზუსტებული შემდეგი გარემოებები: საწოლის რა კონკრეტული ადგილიდან და როგორ აიღო ხელყუმბარა თემირლან მაჩალიკაშვილმა; რა კომუნიკაცია ჰქონდა სპეცრაზმელს მასთან გასროლამდე და რა იყო ხელყუმბარის თავდაპირველი განთავსების ადგილი გასროლის შემდეგ.
“იემსის” შეფასებით მიმდინარე გამოძიების პროცესში აშკარად გამოჩნდა სუს-ის თვითნებური ინტერვენცია, რამაც გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი დაარღვია.