ანაკლიის მშვიდობიანი პორტი რუსეთს არ აღელვებს

მევახშე მამუკა ხაზარაძის მიერ ხდება აზრის კულტივირება, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას რუსეთი უშლის ხელს. რეალურად, რუსეთი ხელს მართლაც შეუშლის არა თუ მშენებლობას, პირდაპირ დაიკავებს ამ ე. წ. პორტს, თუკი დაინახავს, რომ იქ სამხედრო ინფრასტრუქტურა კეთდება ამერიკელების მონაწილეობით.

სხვა შემთხვევაში რუსეთს არანაირი პრობლემა არ აქვს, საქართველომ განახორციელოს თავისი სუვერენული უფლება – გაზარდოს ტვირთბრუნვა და თავისი სატრანზიტო შესაძლებლობები, თუკი ამას ანაკლიის პორტის მშენებლობა სჭირდება.

მისასალმებელია, რომ ამას უკვე აღარ მალავენ “ქართული ოცნების” მაღალი რანგის წარმომადგენლები. ასე მაგალითად, პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, “სისულელეა”, რომ რუსეთს ანაკლიის პორტის აშენება არ უნდა.

“შემოტევა იმაზე, რომ რუსეთს ანაკლიის პორტი არ უნდა, ეს არის სისულელე. რუსეთისთვის რა მნიშვნელობა აქვს? ანაკლიის პორტში რა მოხდება ახლა ისეთი, რომ რუსეთი დაინგრევა?” – განაცხადა ვოლსკიმ ტვ “პირველის” ეთერში.