ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი, შესაძლოა, აღარ განთავსდეს.
როგორც ცნობილი გახდა , პარლამენტის ყოფილი შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ გადაეცემა და ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა, რაც სააგენტოს უწყებაში დაუდასტურეს.
„ინვენტარიზაცია დასრულდა და უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, პარლამენტის ყოფილი შენობის ფუნქციური დატვირთვის შესახებ,“ – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.
როგორც ცნობილია, გასული წლის იანვრიდან საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში დაბრუნდა. როგორც დაანონსებული იყო, ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობა შსს-ს უნდა გადასცემოდა, სადაც ძალოვანი უწყება დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბის განთავსებას გეგმავდა.
ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, ამ დროისთვის კი შენობა დაკონსერვებულია.