როგორც იქნა, თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ს საქართველოში კვლავ ჰყავს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქალბატონი კელი დეგნანი. ელჩი თბილისში უმოკლეს ვადებში ჩამოვა. რა ინსტრუქციებით მოდის ამერიკის ელჩი? – ისმის კითხვა, და აი რატომ:
საქართველო თავისი ფორმალური დამოუკიდებლობის მთელი ბოლო 28 წლის მანძილზე მიჩვეულია ინსტრუქციებით არსებობას – საქართველოს არც ერთ მთავრობას ჯერ არ ჰქონია დამოუკიდებელი საშინაო და, მით უმეტეს – საგარეო პოლიტიკა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
ამიტომ საქართველოსადმი აშშ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის თითქმის ნულოვანი ინტერესისა და აქედან გამომდინარე უელჩობის პერიოდში, ჩვენს ქვეყანას ინსტრუქციების ნაკლებობა დაეტყო. ვითარება ნაკლებად სტაბილური გახდა და თითქმის ყველა და ყველაფერი ერთმანეთში აირია: 20 ივნისის ამბები, პარლამენტის წინ კარვობანას თამაში, პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირება და შემდეგ მასზე სკანდალური უარი, პარლამენტის შენობაში ტოქსიკურ გაზებს უშვებენ, გაღიმებული ნინო ბურჯანაძე გიგა ბოკერიას გვერდით ჯდება და მერე მოსკოვში ჩადის, ჩნდება ახალი ე. წ. გმირი – “ვაჟა ექიმი”, შალიკო ნათელაშვილი ამერიკით ემუქრება ივანიშვილს, ამასობაში კი, ლარის კურსი და ინფლაცია ახალ ნეგატიურ რეკორდებს ამყარებს…
ამ ფონზე სახელმწიფო რუსოფობია მხოლოდ შიდა მოხმარების საგნად იქცა – დღევანდელ ხელისუფლებას არც შესაძლებლობა და არც სურვილი აქვს, აქტიურად დაუპირისპირდეს რუსეთს. ეს კარგია. სწორედ ამიტომ ისკანდალეს ამერიკელმა ლობისტებმა და მათზე მიბმულმა ქართველმა “ტრანსატლანტისტებმა”, რომელთაც ირმა ინაშვილი “მიუვარდა” და “არატრანსატლანტიკურად” ასკანდალა.
მაგრამ საფრთხე დიდია, რომ საქართველოს კვლავ ჩაითრევენ ანტირუსულ (და ანტიქართულ) ავანტიურაში. ლობისტები არ ისვენებენ. ამერიკელმა ნეოლიბერალებმა (თუ ნეოკონსერვატორებმა, ამ ორი ცნების ურთიერთგამომრიცხაობის მიუხედავად, ეს ერთი და იგივე ჯგუფია) საქართველოში დამატებითი დასაყრდენი შექმნეს – მამუკა ხაზარაძის დაჯგუფების სახით, რომელიც, ბიზნესმენისთვის შეუფერებელი პრიმიტიულობით გაიძახის, რომ რუსეთთან დამაკავშირებელი ტრასა საფუძველი გახდება რუსული ტანკების საქართველოში დაუბრკოლებელი შემოსვლისათვის.
ამ ფონზე ჩამოდის ელჩი კელი დეგნანი. იმედია, მას “სწორი” ინსტრუქციები ექნება. მაგრამ ყურადღებას იპყრობს ამ დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებული გაფრთხილება:
„დაძაბულობის ესკალაციის რეალური საფრთხე და სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა არის ნატო-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე დაჩქარებული სამხედრო-პოლიტიკური განვითარება. ჩვენ მოწმენი ვართ მოწინავე პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ალიანსს, ვაშინგტონს და საქართველოსთან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აშშ-სა და ნატო-ში სერიოზულად მიიღებენ ჩვენს გაფრთხილებებს და შეწყვეტენ საქართველოს წაქეზებას, დაუპირისპირდეს რუსეთს. ჩვენი მხრიდან, მუდმივი ინტერესი რჩება ორმხრივი ურთიერთობების თანმიმდევრული ნორმალიზებისთვის“ – ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
ვითომ შემთხვევით გაკეთდა ეს განცხადება საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის გამოგზავნის წინ?!
გულბაათ რცხილაძე