ნათელაშვილმა გიორგი სააკაძის მისია აიღო თავის თავზე და საქართველოში სპარსეთის (ამჟამად ირანის) გავლენის შესუსტებისთვის იბრძვის. ივანიშვილი და კალაძე ამ ვითარებაში ბოროტი ფეოდალების როლს ასრულებენ, რომლებიც სპარსეთის შაჰისგან წყალობას ელიან. მოკლედ რომ ვთქვათ, ნათელაშვილი ირანულ “საფრთხეს” ხედავს და ირანელი მოქალაქეებისთვის მკაცრი სავიზო რეჟიმის დაწესებას მოითხოვს.
„ამოიწურა ერთკვირიანი ვადა მიცემული ხელისუფლებაზე, რათა შემოეღოთ სავიზო რეჟიმი ირანთან და ამით ჩვენი ქვეყანა გადაერჩინათ დემოგრაფიული კატასტროფისაგან, რომელიც მიმდინარეობს“ – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა ამ შემთხვევაშიც, სამშობლოსა და პატრიოტიზმს არჩია მისი უდიდებულესობა, მილიარდები. ჩამოყალიბდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშია ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილი, ქალაქ თბილისი მერი კახი კალაძე, რომლებიც უკანონო გარიგებაში არიან ირანის ხელისუფლებასა და ირანულ კომპანიებთან, აშენებენ უძრავ ფართებს უდიდესი რაოდენობით. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში დავსვით საკითხი, რათა აღნიშნული პირები მოექცნენ ანტიირანული სანქციების იმ ახალ ტალღაში, რომელიც ამ დღეებში ამოქმედდა“ – იმუქრება ნათელაშვილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი “შალიკოს” ეძახის.