თუკი შეიძლება, “შერიგების” სამინისტრო არსებობდეს, რატომ არ შეიძლება, “საუბრის” სამინისტროც ფუნქციონირებდეს? საქართველოში დღეს ყველაფერია შესაძლებელი. ასე, მაგალითად:
ოსები არ ხსნიან ახალგორის გამშვებ პუნქტს და ეს ჩვენს მოსახლეობას დიდ პრობლემებს უქმნის როგორც ახალგორის მხარეს, ისე დანარჩენ ქართლში. მიზეზს ოსების ლიდერი ბიბილოვი მკაფიოდ გვეუბნება: წნელის-ჩორჩანას საგუშაგო პუნქტი, რომელიც ქართულმა მხარემ გახსნა. ასევე ის, რომ ოსებს იდიოტებად მიიჩნევს ჩვენი მთავრობა და მათ “ოკუპირებულებად” და “ეგრეთ წოდებულებად” იხსენიებს.
“შერიგების მინისტრი” ამ ვითარების გამოსასწორებლად საუბარში ხედავს. ოღონდ, აგრძელებს ოსური მხარის შეურაცხყოფას და მათ კვლავ “ოკუპირებულებს” და “ეგრეთ წოდებულებს” ეძახის. არადა, კიდევ ერთხელ: ოფიციალურად ქ-ნი ციხელაშვილი ჯერ კიდევ შერიგების მინისტრია (“შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი”) ანუ ოსებთან შერიგების გზების ძიება ავალია. ამის გარდა, ეს ქალბატონი ყველაფერს აკეთებს.
აი ბოლო მისი “მარგალიტი”:
„ჩვენ გამოსავლად ამ მოლაპარაკებების დროს ვთავაზობთ, რომ მოხდეს სრული გახსნა ახალგორის და ჰუმანიტარული საკითხის. შესაძლებელია გაიმართოს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები, ამისთვის არსებობს ეს და განვიხილოთ ეს საკითხი. დაუშვებელია ჰუმანიტარული საკითხებით, ადამიანების სიცოცხლით, ძირითადი უფლებებით მანიპულირება, ნებისმიერი სხვა მიზნის მისაღწევად. დღეს ეს მოსახლეობა არის საოკუპაციო რეჟიმის ტყვე და მძევალი. ამიტომ ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს იმით, რომ ახალგორის მიმართულებით მიმოსვლა გაიხსნას და ეს არის მთავარი საკითხი, რაზეც ჩვენ ყველა ფორმატში ვსაუბრობთ“.
არასწორად საუბრობ, ქეთო, არასწორად!