დღევანდელი ქართული საზოგადოება, რომელიც დაჩაჩანაკების ნიშნებს ავლენს, გმირების ძიებაშია. ამ ფონზე პოლიტიკანები სპეკულირებენ “გმირობის” თემით, მაგრამ ნამდვილი გმირები არ ახსოვთ. ამიტომ მით უფრო საჭიროა, საზოგადოებას შევახსენოთ ჩვენი არც თუ ისე შორეული წარსულის ნამდვილი ქართველი გმირები. “პატრიოტი ტვ”-ის დამაარსებელი, გიორგი ირემაძე, დიდი სამამულო ომის გმირი სვანი მებრძოლის, გაბრიელ ხერგიანის ქალიშვილს, ქალბატონ იდექს შეხვდა. გთავაზობთ გიორგი ირემაძის მიერ ჩაწერილ ინტერვიუს, რომელიც “პატრიოტი ტვ”-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა:
Patrioti-tv.ge: 1941-1945 წლებში, სამამულო ომში, საბჭოთა არმიამ დაამარცხა მსოფლიო ბოროტება ფაშიზმი. გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართველ ჯარისკაცებს. კავკასიის ფრონტზე გამარჯვების მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გერმანელებთან გადამწყვეტ ბრძოლებში, თავი გამოიჩინეს სასახელო მამულიშვილებმა, გაბრიელ და ბექნუ ხერგიანებმა, რომლებმაც გარდა იმისა, რომ მტერს ღირსეულად დაუხვდნენ და არ შემოუშვეს კავკასიის გადასასვლელებზე, მათ ასევე უმნიშვნელოვანესი რამ გააკეთეს, რუს ალპინისტებთან ერთად, იალბუზის მთიდან ფაშისტური დროშა ჩამოხსნეს და საბჭოთა დროშა აღმართეს.
ამ ისტორიებთან დაკავშირებით, გთავაზობთ ინტერვიუს გაბრიელ ხერგიანის შვილთან, ქალბატონ იდექთან:
– თქვენი მამა, გაბრიელ ხერგიანი, სამამულო ომის დროს, კავკასიის გადასასვლელების ერთ-ერთი რაზმის მებრძოლი იყო. გახსოვთ ის?
– გაბრიელ ხერგიანი, ბექნუ, ბესარიონ, მიშა, აკაკი ხერგიანები – ხერგიანთა საგვარეულოს უკვდავი რაინდები არიან. რომ არა გაბრიელი, ეს სახელები ალბათ არც მსოფლიო ალპინისტური საზოგადოებისთვის იქნებოდა ცნობილი, რადგან გაბრიელ ხერგიანი იყო გვარის ამ მამაც ადამიანთა სათავეში, მის საქმეს, სახელს, მის გაკვალულ გზას, გაჰყვნენ და უკვდავებაში გადავიდნენ.
– რას ყვებოდა სამამულო ომზე? იქნებ რამდენიმე ისტორია გაიხსენოთ? ვინ იყო მისი ჯარის ამხანაგი, ვისთან ერთადაც იბრძოდა?
– მეორე მსოფლიო ომის დროს სვანეთში შექმნილმა სპეციალურმა ბატალიონმა საიმედოდ ჩაუკეტა გზა ჩრდილოეთ კავკასიიდან კავკასიონის გადასასვლელებს მომდგარ ფაშისტური გერმანიის ჯარებს. მაშინ ჩვენი მამები უფროსი ძმები იცავდნენ გადასასვლელებს და მათ გაბრიელ „განო“ ხერგიანი ხელმძღვანელობდა, მან იცოდა გადასავლელების ყველა ბილიკი და მტრის წინააღმდეგ ბუნებრივი ბარიერების გამოყენება. მაშინ მას ბექნუ და ბესარიონ ხერგიანები, ჭიჭიკა ჩართოლანი, მაქსიმე გვარლიანი და გოჯი ზურებიანი ედგნენ გვერდით და ფაშისტების გვამებით ავსებდნენ მყინვართა ნაპრალებს.
გაბრიელ ხერგიანს ომში, ასევე ახლდნენ, როგორც მახსოვს – სიმე მჭედლიანი, ბექნუ და ბესარიონ ხერგიანები, ჭიჭიკა ჩართოლანი, მაქსიმე გვარლიანი, გოჯი ზურებიანი. ახსენებდა კაპიტან სიდორენკოს. მას ძალიან ბევრი მეგობარი ყავდა, მაგრამ სამწუხაროდ არ მახსოვს ბევრი რამ.
– საინტერესოა ისტორია, ელბრუსზე ასვლაზე და საბჭოთა დროშის დამაგრებაზე 1943 წლის თებერვალში, როგორ მოხდა ეს?
– ომის დროს ფაშისტებმა თავიანთი სვასტიკიანი დროშა აღმართეს კავკასიონის უმაღლეს მწვერვალ იალბუზზე. გაბრიელი თავის სვან მეგობრებთან ჩრდილოეთ კავკასიაში საბჭოთა ჯარისკაცების გვერდით ანადგურებდა ფაშისტებს, მისთვის მოულოდნელი იყო ფაშისტური დროშის ფრიალი იალბუზზე. გაბრიელ ხერგიანი ბექნუ ხერგიანთან ერთად ავიდა მწვერვალზე, სადაც სპეციალურად აღმართული კოშკურიდან პირადად ჩამოხსნა გერმანიის დროშა და 1943 წლის თებერვლიდან მწვერვალ იალბუზზე მის მიერ აღმართული საბჭოთა წითელი დროშა აფრიალდა.
ასევე, მახსოსვ მამა გაბრიელ ხერგიანი იხსენებდა, რომ ომის პერიოდში ფაშისტები შესული იყვნენ ყაბარდოს ტერიტორიაზე, ბახსანიდან თითქმის თეგენეკამდე, გაბრიელი მისი რაზმით შესულა თეგენეკში, როდესაც ეს ფაშირტებს შეუტყვიათ დამფრთხალან და მაშინათვე უბრძოლველად დაუხევიათ უკან და დაუტოვებიათ აღნიშნული ტერიტორია.
გაბრიელ ხერგიანი ხელმძღვანელობდა ყაბარდო-ბალყარეთიდან მეორე მსოფლიო ომის დროს დევნილი მოსახლეობის უსაფრთხო გადმოყვანას. ზამთრის პერიოდში გადმოჰყავდათ კოლმეურნეთა კუთვნილი მსხვილფეხა პირუტყვი, რაც ჩვენი მოსახლეობის გაკვირვებას იწვევდა, რადგან ზამთრის პერიოდში ასეთი რამ მანამდე გაუგონარ საქმედ ითვლებოდა. მახსოვს სახლში მოიყვანა სტუდენტი გვარად ზალიხანოვი, რომელიც შემდეგ უსაფრთხოდ გადაიყვანა მის საცხოვრებელ სახლში თეგენეკში.
– შემონახულია თუ არა ფრონტიდან მიღებული წერილები? გაბრიელის პირადი ნივთები და ჯილდოები თუ ინახება ოჯახში? მისი სურათები თუ გაქვთ?
– გაბრიელ ხეგიანს ომის პერიოდში მიღებული ჰქონდა არაერთი ჯილდო, მას სხვადასხვა ადგილებიდან წერილებს და წიგნებს უგზავნიდნენ მეგობრები, მახსოვს მოსკოვიდან უგზავნიდა წერილებს საბჭოთა კავშირის დამსახურებული ოსტატი აბალაკოვი და სხვები სამწუხაროდ მათი ვინაობა არ მახსოვს, გაბრიელის ნივთები, ჯილდოები, წერილები, წიგნები ინახებოდა დაბა მესტიაში არსებულ ჩვენს საცხოვრებელ სახლში, მაგრამ 1984 წელს ხანძრის შედეგად საცხოვრებელ სახლთან ერთად დაიწვა ყველა ეს ჩვენთვის ძვირფასი ნივთი.
– სად არის მამათქვენი დაკრძალული?
– ომის დამთავრების შემდეგ, სვანეთის მოსახლეობის ერთი ნაწილი სამოსახლოდ ყაბარდოში გადავიდა, მათ შორის იყო გაბრიელ ხერგიანიც. აქ მდინარე ბაქსანში დაიღუპა მისი უფროსი ვაჟი ვანო, უბადლო ვაჟკაცი. ამან გაბრიელზე საბედისწერო გავლენა მოახდინა, იგი თითქმის აღარ ურთიერთობდა არავისთან, გულჩათხრობილი და მდუმარე გახდა. მისი ერთადერთი სურვილი მთებში სიარული და ნადირობა გახდა.
1951 წლის ზაფხულში 46 წლის ასაკში გაბრელი სანადიროდ წავიდა და ეს მისი უკანასკნელი ნადირობა იყო, იგი ჯიხვთან ერთად კლდეზე გადაიჩეხა. იმ ადგილებს ახლაც გაბრიელის კლდეები ჰქვია. მესტიელებმა გაბრიელი დიდი გლოვითა და პატივით ჩამოასვენეს მესტიაში და დაკრძალეს საგვარეულო სასაფლაოზე იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ეზოში.
– ვინ იყო თქვენთვის გაბრიელ ხერგიანი? ის სამაგალითო ადამიანი იყო?
– გაბრიელ ხერგიანი დიდი ადამიანი იყო – პატრიოტი, კაცთმოყვარე, უშიშარი, მშრომელი, უპატიოსნესი, გვარის ღირსება და სახელი. უაღრესად ჰუმანური პიროვნება, რომელსაც ყველა უყვარდა და ყველას უყვარდა. იგი ლეგენდად დარჩა და კიდევ დიდხანს იქნება დაუვიწყარი.
გიორგი ირემაძე