“ნიუსფრონტის” შემდეგ, ირმა ინაშვილი უფრო მკაცრად ითხოვს NDI-ის დირექტორის პასუხისგებაში მიცემას

მას შემდეგ, რაც “ნიუსფრონტ-საქართველოს” რედაქციამ პირდაპირ დაუკავშირა ამერიკული ინსტიტუტების – NDI და IRI-ის მიერ სოციოლოგიური კვლევების შედეგებით მანიპულირება სახელმწიფო უსაფრთხოების თემას, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ქ-ნი ირმა ინაშვილი, კიდევ უფრო მკაცრად და რადიკალურად ითხოვს ამ თემის გააქტიურებას (გჰნ-ის მიხედვით):

მისი თქმით, NDI-ისა და IRI-ის კვლევები საშიშროებას უქმნის ქვეყანას და “სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემად იქცა”.

“NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლორა თორნტონი, მე ასე ვფიქრობ, რომ ფინანსურად არის დაინტერესებული ‘ნაციონალური მოძრაობის’ ლიდერების მხრიდან. ადგილი აქვს კორუფციას კლასიკური გაგებით და ის ფულს იღებს ამ ე.წ. კვლევებში და მონაცემების გავრცელებაში.

ვინაიდან მე მაქვს ასეთი ეჭვი, მე მოვითხოვ, რომ ჩემი სახელმწიფოს სტრუქტურებმა დაიწყონ გამოძიება”, – თქვა ინაშვილმა და აღნიშნა, რომ “პატრიოტთა ალიანსი” 26 იანვრიდან “NDI-სა და IRI-ს მამხილებელი კამპანიას იწყებს”.

როგორც ინაშვილი იუწყება, მისი პარტია მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლება და აქციების გამართვასაც აპირებენ.

“ეს უბედურება საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს…საერთოდაც, საბოლოო ჯამში, ვითხოვთ, რომ აიკრძალოს ამ ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოში. ან შეცვალონ მენეჯმენტი და თუ კვლევას ატარებენ, ეს კვლევა სტანდარტს ექვემდებარებოდეს, ან წაბრძანდნენ საქართველოდან”, – განაცხადა ინაშვილმა.