ანაკლიაში პორტის მშენებელმა ჰოლანდიურმა კომპანიამ დემონტაჟი დაიწყო

ანაკლიაში პორტის მშენებელმა ჰოლანდიურმა კომპანიამ დემონტაჟი დაიწყო, ტერიტორიიდან სამშენებლო ტექნიკა გააქვთ. არსებული ინფორმაციით, “ვანოორდმა” ზღვის სიღრმეში, 3500 კმ სიგრძეზე განთავსებული სპეციალური მილების ფსკერიდან ამოღების სამუშაოები დაიწყო.

ანაკლიის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის ხელშეკრულება შეწყდა, ამიტომ კომპანია „ვანოორდს” ტერიტორიიდან ტექნიკა უნდა გაეტანა.

“„ვანორდის“ ეს ქმედება უკავშირდება იმას, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება აღარ არსებობს და მან ტექნიკა ტერიტორიიდან უნდა გაიტანოს. მიწა კი, რაც სახელმწიფომ თავის დროზე გამოისყიდა და კონსორციუმს გადასცა, უნდა დაუბრუნდეს ისევ სახელმწიფოს“,-აცხადებენ
ანაკლიის განვითარების სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წერილობით 9 იანვარს აცნობა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.

 

წყარო: “NEWSREPORT.GE “