იტალიაში, სადეპორტაციო ცენტრში ქართველი მამაკაცის გარდაცვალებას ეხმაურება “facebook”-მომხმარებელი გია კვარაცხელია,რომელიც ყურადსაღებ ინფორმაციას გვაწვდის:
18 იანვარს, დილით, იტალიაში, გორიციას პროვინციაში მდებარე გრადისკა დ’იზონცოს რეპატრიაციის (წინასადეპორტაციო) ცენტრში, იტალიური პენიტენციალური სტრუქტურების მიერ ძალის გადაჭარბებისას, მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა 37 წლის ქართველი მამაკაცი ვ.ე.
პროგრესული იტალიური საზოგადოებრიობა და შესაბამისი ორგანოები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა აღნიშნული ამბავი არ „ჩაიფარცხოს“. დღეს, 20 იანვარს, გორიციას პროკურატურამ საქმე აღძრა განზრახ მკვლელობის მუხლით, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ქართველი, შაბათ დილამდე, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემებს არ აღნიშნავდა. დამატებითი ინფორმაცია დადგინდება გვამის სასამართლო ექსპერტიზის, ნეკროფსიის შემდგომ.
აღნიშნული რეპატრიაციის ცენტრი, ასევე დღეს, მოინახულა პატიმართა სახალხო დამცველმა მაურო პალმამ, რომლის სათანადო განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიება აბსოლუტური პირუთვნელობითა და გამჭვირვალეობით ჩატარდება.
ყველაზე მკვეთრი იყო ლინდა ტომასისინგის, გრადისკას მერის განცხადება, რომელმაც პირდაპირ მიუთითა, რომ სტრუქტურა, რომელშიც ასეთი სავალალო დარღვევები ხდება, უნდა დაიხუროს.
ვიზიარებთ გარდაცვლილი ქართველის ოჯახის წევრთა, ახლობელთა მწუხარებას და ვისურვებთ ობიექტურ გამოძიებას, რისთვისაც, იმედია, იტალიაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობაც მიიღებს წვლილს.