“დასავლეთი მუდამ ექსპანსიონისტი იქნება” – სანდრო ჯამასპიშვილი ლევან ვასაძეს ეხმაურება

საქართველოს მოქალაქე სანდრო ჯამასპიშვილი, რომელიც ყურადღებით გაეცნო ლევან ვასაძის მორიგ მიმართვას საზოგადოებისადმი, ამ მიმართვას ეხმაურება და წერს:

“მოვისმინე ლევან ვასაძის გამოსვლა მსოფლიოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

რისი თქმა შემიძლია? რამდენშიც მართალია, იმდენში ცდება. მართალია პირველ რიგში იმაში, რომ რუსეთის დაშლა საქართველოს დაშლის გაგრძელებასაც გამოიწვევს, მართალია იმაში, რომ ირანიდან და მახლობელი აღმოსავლეთიდან ამერიკელების გაპანღურებაა დაწყებული, მართალია იმ ვარაუდში, რომ პუტინმა თავისი უახლესი გადაწყვეტილებებით, რუსეთში სწორედ ირანული პოლიტიკური სისტემის მსგავის შექმნა დაიწყო, რომლის პირობებშიც ნაკლები მნიშვნელობა ექნება იმას, თუ ვინ იქნება პერსონალურად რუსეთის სათავეში, სისტემა და სტრატეგიული კურსი უცვლელი დარჩება.

მაგრამ ცდება იმაში, რომ კვლავაც ევროპის ე.წ. “კონსერვატორული ძალების” იმედი აქვს, ცხადია, ცდება იმაშიც, რომ რუსეთს მაინც მტრად განიხილავს, რომ პუტინმა ისეთი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება დაიწყო, რომელიც საფრთხეს შეუქმნის სამომავლოდ რუსეთის ერთიანობასა და სუვერენიტეტს. მაგრამ მთავარი, რაშიც იგი ცდება, არის ის, რომ მას არ სწამს რუსეთის დაპირისპირებისა დასავლეთთან!!!

განვმარტავ მაქსიმალურად გასაგებად – იგი ამბობს, რომ რუსეთში ევროპაზე ნაკლებად არ არიან ლიბერალური ძალები და რომ მის სათავეში მყოფი მრავალი პოლიტიკოსი ორმაგი მოქალაქეობით სარგებლობს და დასავლეთთან აქვს კარგი ურთიერთობა.

ყველაფერზე არ გავცემ ამჯერად პასუხს, მაგრამ აი ამ ბოლო საკითხებზე შევჩერდები მაქსიმალურად მოკლედ, გასაგებად და ყოვლისმომცველად.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დასავლეთი ლიბერალური იქნება, თუ კონსერვატორული, თუნდაც სოციალისტური. დასავლეთი ყოველთვის იქნება (მანამ გლობალური მაფია ამის უფლებას მისცემს) ექსპანსიონისტი, ანუ დამპყრობელი და სხვის ხარჯზე მცხოვრები.

ამდენად მე პირადად ვუპირისპირდები დასავლეთს, როგორც დამპყრობელს და ჩემთვის ლიბერალიზმიც, სოციალიზმიც და ნაციონალიზმიც მცირე დოზებით მისაღებია, მაგრამ მიუღებელი დასავლეთის ბატონობა და სხვის ხარჯზე ცხოვრება.

სწორედ ასეთია ვლადიმერ პუტინიც. იგი ლიბერალიზმს კი არ ებრძვის, ან რომელიმე სხვა დასავლურ იდეოლოგიას, რომელიც ცოტათი მაინც უნდა იყოს საზოგადოებაში, არამედ თავად დასავლეთის ჰეგემონიას, რასაც ვერ ვიტყვი თავად ლევან ვასაძეზე, იგი დასავლეთშიც ისევე დაბრძანდება, როგორც რუსეთში. დასავლეთში, რომელსაც საერთოდ უნდა ამოვუკვეთოთ ფეხი კავკასიიდან!!! აქ მათ არაფერი ესაქმებათ.

მეორე და კიდევ უფრო თვალსაჩინო შეცდომა. თავის გამოსვლაში ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ მიუღებელია, რომ რუსეთის ხელისუფლებაში იყვნენ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, ასევე ბრძანა შეტანილ იქნეს კონსტიტუციაში ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც რუსეთის სახელმწიფოს კანონები მაღლა იდგება საერთაშორისოზე. ამაზე მეტი დამოუკიდებლობა და დაპირისპირება დასავლეთთან რაღა გინდა?!?!?!

სწორედ ამიტომ ლევან ვასაძე არ მომეაზრება იმ ძალად, რომელსაც გვერდში დავუდგებოდი!!!” – წერს სანდრო ჯამასპიშვილი.