წინააღმდეგობებით სავსე, მცირე ხნით საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1990-1991) და პრემიერ-მინისტრი (1992-1993), თენგიზ სიგუა, 85 წლის ასაკში, თბილისში, გარდაიცვალა.
თენგიზ სიგუა იყო მეტალურგი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, კარიერა უბრალო ინჟინერ-მეტალურგად დაიწყო და 1989 წელს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის დირექტორი გახდა. 1990 წელს, როგორც ბევრი კომუნისტი, თენგიზ სიგუაც “ეროვნული ხელისუფლების” მხარდამჭერი გახდა და მან ახალ, არაკომუნისტურ ხელისუფლებაში, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია დაიკავა, რომელიც 1991 წლის აგვისტოში დატოვა და მალევე დაუპირისპირდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას.
სიგუამ აქტიური მონაწილეობა მიიღო გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში, რის საბაბი უკვე დამოუკიდებლობა-გამოცხადებული საქართველოს მიერ 1991 წლის აგვისტოს მოსკოვის პუტჩის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება გახდა. მოსკოვის “გკჩპ”-ის ზეწოლით, რომელმაც სულ 3 დღე გაძლო, გამსახურდიამ ამ 3 დღის მონაკვეთში, ეროვნული გვარდია თავდაცვის სამინისტროდან გამოყო და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბადრაგის სტატუსით დაუქვემდებარა.
1991-1992 წლების გადატრიალების შემდეგ სიგუა გახდა მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, შემდგომ – მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი. ამავე დროს, თენგიზ სიგუა უარყოფითად იყო განწყობილი საქართველოში ედუარდ შევარდნაძის დაბრუნების მიმართ და შევარდნაძესთან უთანხმოებამ მალე აიძულა იგი, 1993 წელს, უკვე მეორედ დაეტოვებინა თანამდებობა, რის შემდეგაც პოლიტიკას ჩამოსცილდა.