საკმაოდ ეგზოტიკურ აზრს ავრცელებს ასევე ეგზოტიკური ფეისბუკ-გვერდი “Free Abkhazia” იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთმა და რუსეთმა, შესაძლოაб ურთიერთაღიარება მოახდინონ – თურქეთმა აფხაზეთის, რუსეთმა კი ჩრდილო კიპროსის თურქული რესპუბლიკის.
ამის შესახებ გაზეთ “Sözcü”-ს კვლევითი ინსტიტუტის, “თურქეთი 21-ე საუკუნეში”, დირექტორმა, რეზერვის პოლკოვნიკმა უნალ ატაბაიმ განუცხადა. მისი თქმით, სირიის ბუნებრივი რესურსების ასათვისებლად რუსეთს ჩრდილო კიპროსი დასჭირდება, როგორც პლაცდარმი. ეს კი თურქეთთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია.
თურქეთი მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც კუნძულ კიპროსის ჩრდილოეთ ნაწილს დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებს. რუსეთის მხრიდან დიდი დიპლომატიური რისკი იქნება, აღიაროს ეს რესპუბლიკა და ურთიერთობები გაიფუჭოს საბერძნეთთან. თურქეთის მხრიდან აფხაზეთის აღიარება კი გაუთვალისწინებელ შედეგებს გამოიწვევს მთელი კავკასიის მასშტაბით. თურქ “მკვლევარს” ავიწყდება ყარაბაღის პრობლემის არსებობა და სომხური ფაქტორი, საქართველო სწორედ ამ მხარეს შეიძლება გადაიხაროს რადიკალურად და თურქეთი დაკარგავს სამხრეთ კავკასიას, ვინაიდან რუსეთი უკვე აღარ ჩააბარებს თურქებს სომხეთს, აფხაზეთის აღიარების სანაცვლოდ.