ცხინვალს თბილისის მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია აქვს, ვიდრე სოხუმს

ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი, საგარეო ურთიერთობათა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა დრიაევი მედიასთან აღნიშნავს, რომ ცხინვალი „ცოტათი შეშფოთებულია“ აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის, ასლან ბჟანიას განცხადებებით, თბილისთან დიალოგის შესახებ:

სურათზე: ასლან ბჟანია

„რა თქმა უნდა, ჩვენ ცოტათი შეშფოთებულები ვართ ამ მოქმედებებით, მაგრამ ეს აფხაზეთის შიდა საქმეებია. ვისთან და როგორ გამართონ დიალოგი, ეს აფხაზი ხალხის გადასაწყვეტი იქნება. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოძმე რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებს, ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ. ერთადერთი, რაც შემიძლია დავადასტურო, სამხრეთი ოსეთი საქართველოსთან დიალოგის გამართვას არ აპირებს მანამ, სანამ იგი არ აღიარებს რესპუბლიკის დამოუკიდებლობას და ხელს არ მოაწერს მემორანდუმს ძალის არგამოყენების შესახებ“, – აღნიშნა ზაზა დრიაევმა.

„სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს“, – ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრა აფხაზური ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ, რომელიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს.

ბჟანიას შეფასებით, მთავარია, დიალოგმა დადებითი შედეგი მოიტანოს და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი მხარე იქნება მასში ჩართული: „მთავარია, ამ პროცესში ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ პროცესის ადამიანურ და მშვიდობიან ჩარჩოებში მოქცევა“.

„ამ თემაზე მე მაქვს ჩემი საკუთარი მოსაზრება და მზად ვარ, იგი გავახმოვანო ნებისმიერ აუდიტორიაში, თუ საერთოდ, ჩემს აზრს ექნება რაიმე მნიშვნელობა“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

მისი თქმით, თუ შორეულ პერსპექტივაზეა საუბარი, ორ სახელმწიფოს შორის უნდა მოხერხდეს კეთილმეზობლური, თანასწორუფლებიანი და კეთილი ურთიერთობების დამყარება: „ამგვარ პერსპექტივას მე ვხედავ და მეტიც, ვიცი, როგორ შეიძლება მისი რეალიზება. საჭიროა, ჩვენ ერთმანეთს კარგად მოვუსმინოთ. დაახლოებით ასე წარმომიდგენია და ვხედავ ჩვენს დიალოგს“.

„რაც შეეხება ახლო პერსპექტივას, ვფიქრობ, რომ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მხარეებს შორის ნდობის აღდგენა. ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები და დარწმუნებული ვარ, ეს ხელს შეგვიწყობს ჩვენი პოზიციების დაახლოებაში. ამგვარი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეკონომიკურ სფეროში“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის განმეორებითი არჩევნები 22 მარტს უნდა გაიმართოს. არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ადგილობრივი ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებს დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოჰყვა.

 

წყარო: “რადიო თავისუფლება