ზოგადად ლანჩხუთელი ფეხბურთის გულშემატკივრისთვის, ისევე როგორც სრულიად საქართველოსთვის, კობა მირზაშვილი ცნობილი პიროვნებაა… სწორედ მისი ლანჩხუთის ,,გურიაში,, მოღვაწეობის პერიოდში ერთ დროს სსრკ-ს ქართულმა სპორტულმა ბრენდმა სახე დაიბრუნა და 2013/14 წლებში ეროვნული ჩემპიონატის ექვსეულში დაიდო ბინა. რატომღაც მას არ დაუფასეს შედეგი და გარკვეული მიზეზების გამოს ის მაშინდელმა ქალაქის მერმა დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
არადა, სიმართლე მოითხოვს აღინიშნოს, რომ დამატებით მირზაშვილების ოჯახი ყველანაირად ეხმარებოდა ,,გურიას,, და გვერდით ედგა, რითაც შეეძლო… შემდგომ წლებში და დღევანდელ მოცემულობამდე, კლუბმა აშკარა რეგრესი განიცადა და დღეს ის უკვე მე-3 ლიგაში აგრძელებს ასპარეზობას.
მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბებს სახელმწიფო აფინანსებს განვითარების პროგრამით, რაც მისასალმებელია, თუმცა არაა საკმარისი დიდი მიზნების მისაღწევად. საქართველო რომ პატარაა და ინფორმაცია არ იმალება, ახალი ამბავი ნამდვილად არაა. ინფორმაციით გაირკვა რომ კობა მირზაშვილი და გიალო ჩხაიძე (,,გურიას,, ყოფილი მთ. მწვრთნელი და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი) საქართველოს პარლამენტის წევრს ნინო წილოსანს შეხვედრიან და უთქვამთ რომ მზად არის მირზაშვილი რათა კლუბი კერძო საკუთრებაში გადაიბაროს. ქალბატონი ნინო მისალმებია აღნიშნულ წინადადებას და ურჩევია მეორე მხრისთვის შეხვედრა გაემართათ ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან.
მირზაშვილი და ჩხაიძე შეხვდნენ ქალაქის მერს და ბატონმა კობამ დაადასტურა ოფიციოზთან საუბრისას, რომ თუ კლუბი მის კერძო მფლობელობაში გადავა, რაიონს ბევრ ხარჯს ჩამოაცილებს.
ჩვენ დავუკავშირდით ლანჩხუთში მირზაშვილს და მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით კიდეც:
– ბატონო კობა, მართალია თუ არა, რომ კლუბი თქვენი კერძო საკუთრება უნდა გახდეს ?
– გიდასტურებთ – დიახ…
– შეხვდით თუ არა ქალაქის მერს ?
– დიახ, ქალბატონი ნინო წილოსანის რჩევით მე და გიალო ჩხაიძე შევხვდით მერს. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ალექსანდრე სარიშვილი დაინტერესებულია კლუბი კერძო მფლობელობაში გადავიდეს. ჩემს კომპანიას ყავს ინვესტორები და ისინი თანხმობის შემთხვევაში აპირებენ კლუბის დავალიანება 430 0000 (ოთხას ოცდაათი ათასი) ლარი გაისტუმრონ. თქვენი მკითხველი რომ არ შევიდეს შეცდომაში დავკონკრეტდები, რომ კერძო მფლობელობაში გვსურს მხოლოდ კლუბი და არა სტადიონი და ბაზა. აქვე დავამატებ, რომ მალე კლუბი საჯარო აუქციონზე გამოვა მერიის მხრიდან. ჩვენი მხარე კი მზადაა, მიიღოს მასში მონაწილეობა და “გურიის”გულშემატკივარი გაახაროს.
– თუ საიდუმლო არაა, მე-3 ლიგაში რა ბიუჯეტს ვარაუდობთ ?
– როგორც იცით ,,გურიას,, სახელმწიფო დახმარების ფარგლებში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი უნდა მიიღოს. თუ განგებამ ინება და გავხდი გუნდის მფლობელი ამ თანხის გარდა მე-2 ლიგაში გადასასვლელად დავხარჯავთ 800 000 (რვაასი ათასი) ლარს დამატებით, რაც მცირე ინვესტიცია არ გახლავთ.
– რა იქნება თქვენი პროგრამა მინიმუმი და მაქსიმუმი ?
– გამაჩნია 5-წლიანი გეგმა, რომლის მიხედვით უნდა დავუბრუნდეთ უმაღლეს ლიგას და იქ ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ. კიდევ ერთხელ დავკონკრეტდები, ჩემი და ინვესტორების მხრიდან სრული მზადყოფნაა. როგორც კი მოითხოვს მუნიციპალიტეტი, საგარანტიო თანხას დავრიცხავთ… მერმა სფფ-თან უკვე გაიარა კონსულტაცია და ველოდებით ახლა აუდიტის სრულ დასკვნას. გადაბარების პროცესს რეალურად წინ არაფერი უდგას !
იმედია, სიტყვას ოფიციოზის მხრიდან საქმე მოჰყვება და კობა მირზაშვილის მონდომებით ლანჩხუთის ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონს მაყურებელი დაუბრუნდება და საშინაო არენაზე ქართულ ბრენდს ყიჟინა: “გურია! გურია!” არ მოაკლდება.
ბექა კვიციანი