ევროპელები შეშფოთებულნი არიან – ამჯერად, აშშ-ის პრეზიდენტის მუქარების გამო, რომლებიც მან დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გააჟღერა.
კერძოდ, ტრამპი აპირებს ევროპულ ავტომანქანებზე საბაჟო ტარიფის ზრდას 25 პროცენტამდე, რაც პირველ რიგში, გერმანული ავტოწარმოების ინტერესებს დააზარალებს. “მე კონკრეტული თარიღი მაქვს თავში”, რომელიც არც ისე შორს არის, – განაცხადა ტრამპმა. თუმცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯერ კიდევ ხედავს საშუალებას, რომ ევროპელებთან შეთანხმება მიღწეულ იქნას საბაჟო ომის გარეშეც, სანამ ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება (ამა წლის ნოემბერში). ამასთან ტრამპი ვარაუდობს, რომ ევროპასთან მოლაპარაკება უფრო რთული იქნება, ვიდრე მოკლე ხნის წინათ ჩინეთთან წარმატებით გამართული მოლაპარაკებები, რომელთა შედეგად შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს რიგ პრინციპულ საკითხებზე უკან დაახევინეს.
ამერიკის პრეზიდენტი და მთავრობა უკმაყოფილონი არიან ევროკავშრის ქვეყნების ნაწილის მიერ “ციფრული გადასახადების” შემოღების გამო. საქმე ეხება ამერიკული ინტერნეტ-გიგანტების, Amazon-ის და Google-ის სამართლიან დაბეგვრას. ეს გიგანტები მოგებაზე იმის ნახევარ გადასახადებს იხდიან, რასაც ევროპული კონცერნები, რადგან “ამაზონი” და “გუგლი” გადასახადების გადამხდელებად დარეგისტრირებულნი არიან იმ ევროპულ ქვეყანაში (ირლანდია), სადაც ყველაზე დაბალი მოგების გადასახადია.
“ნიუსფრონტი”, Reuters.de-ის მიხედვით