გერმანული ინდუსტრია რუსეთის ახალი მთავრობის მიმართ იმედით არის განწყობილი

გერმანული ინდუსტრია რუსეთის ახალი მთავრობის მიერ რეფორმების გატარებას მოელის და იმედით არის განწყობილი. ამ თემაზე “როიტერსის” ბერლინის ბიუროს ჟურნალისტს გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთის კომიტეტის თავმჯდომარემ, ოლივერ ჰერმესმა გაუზიარა მოსაზრებები.

ჰერმესი მოელის ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას რუსეთის მხრიდან, რაც ამ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მყისიერ ზრდას გამოიწვევს. იგი ამბობს, რომ გერმანული კომპანიები ყველაზე დიდ გამოწვევად რუსულ ბიუროკრატიასა და ეკონომიკაზე სახელმწიფოს ზედმეტ გავლენას მიიჩნევენ.

“ამ მხრივ ჩვენ განტვირთვისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი გაგვიხარდება” – განაცხადა ოლივერ ჰერმესმა.

გერმანია ობიექტურად არის დაინტერესებული რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით და არა მხოლოდ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობით (რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვით), რაც ისედაც წარმატებით მიმდინარეობს.