ჩინეთში ახალი წლის აღნიშვნა გადაიდო. გაუქმებულია ყველა მასშტაბური ღონისძიება.
კარანტინია გამოცხადებული პროვინცია ჰუბეის ორ ქალაქში. 9 მილიონიანი ჰუბეის და 7 მილიონიანი ჰუანგანას ყველა შესასვლელი, მათ შორის სარკინიგზო და საჰაერო – ჩაკეტილია. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებულია 600-მდე ადამიანი, დაღუპულთა რიცხვი კი დღეის მონაცემებით 17-მდე გაიზარდა.
მოქალაქეებმა, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩინეთში იმყოფებოდნენ, ნებისმიერი ვირუსის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში ინფექციურ საავადმყოფოებს უნდა მიმართონ.
ახალი სასიკვდილო ვირუსის სიმპტომები ისეთივეა, როგორიც სხვა ნებისმიერ რესპირატორულ დაავადებას ახასიათებს: მაღალი ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, სისუსტე და სუნთქვის უკმარისობა.
საქართველოს ჩინეთის ქალაქ უხანთან პირდაპირი რეისი არ აქვს, ამიტომ ინფექციის შემოტანის ალბათობა მინიმალურია, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ ამის თეორიული შანსი მაინც არსებობს.
ჯანდაცვის სამინისტრომ მოკლევადიანი გეგმა უკვე შეიმუშავა. ხვალიდან აეროპორტებში მგზავრებს 3 ენაზე დამზადებული საინფორმაციო ბარათები დაურიგდებათ. ბარათზე დატანილია ინფორმაცია გავრცელებული კორონავირუსის და პრევენციული ღონისძიებების შესახებ. გარდა ამისა, მოქალაქეებს დამატებითი ინფორმაციის მიღება ჯანდაცვის სამინიტროს ცხელი ხაზის მეშვეობითაც შეეძლებათ.
ქალაქ უხანში, სადაც ვირუსი პირველად დაფიქსირდა, მუშაობა შეაჩერა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. დროებით გაუქმდა ავიარეისებიც. ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო უხანში კარანტინი გამოაცხადა და 11 მილიონიან მოსახლეობას რეკომენდაცია მისცა “განსაკუთრებული მიზეზის” გარეშე ქალაქი არ დატოვონ.
კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა მექსიკაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰონგ კონგში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. გავრცელებული ახალი ლეტალური ვირუსის გამო მსოფლიოს მასშტაბით აეროპორტების ნაწილი საგანგებო რეჟიმში მუშაობს, მგზავრებს სამედიცინო შემოწმება უტარდებათ. საგანგებო ზომები რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის თურქეთმაც, მიიღო.
დაუდგენელი კორონავირუსი 12-დან 29 დეკემბრის პერიოდში ჩინეთის უხანის პროვინციაში გამოვლინდა. მეცნიერები ვირუსის გავრცელების რამდენიმე ვერსიას ვარაუდობენ, მათ შორის ზღვის პროდუქტებს და სხვადასხვა ცხოველს, ხოლო CNN-ის ინფორმაციით, რომელიც დღეს გავრცელდა, შესაძლოა, ვირუსის წყარო ქვეწარმავლები იყვნენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ხედავს.