სახალხო დამცველი, რომელმაც ე.წ მატროსოვის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა, არ ამბობს რომელ პატიმარს შეხვდა.
მიზეზად ნინო ლომჯარია კონფიდენციალურობას ასახელებს, რომელიც, მისი თქმით, პატიმრების სურვილია.
ომბუდსმენი არც ადასტურებს და არც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მატროსოვის ციხეში წინა ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს შეხვდა:
“მე რომ მქონოდა სურვილი, მეთქვა, ვის ვხვდებოდი და რატომ ვხვდებოდი, ვიტყოდი,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურის ინფორმაციით, N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ლომჯარია თავის მოადგილე გიორგი ბურჯანაძესთან ერთად მივიდა.
„დაწესებულებაში ვიზიტისას ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე 2006 წლის 2 მაისის, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს, რომელიც იმ დროისთვის შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის უფროსი იყო“, – ნათვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ომბუდსმენმა მოითხოვა მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრა, თუმცა დონაძემ მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.
თავად ლომჯარიამ ჟურნალისტებს არ დაუდასტურა და ეს იმით ახსნა, რომ პატიმრებს არ ჰქონდათ სურვილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გავრცელებულიყო.
ლომჯარიას ციხეში ვიზიტს წინ უძღოდა დაპირისპირება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან, რომელმაც ადამიანთა უფლებათა კომიტეტზე სახალხო დამცველის პენიტენციურ სისტემაში ჩატარებული მონიტორინგის შესახებ ანგარიშის განხილვისას იმაში დაადანაშაულა, რომ ლომჯარია პატიმრებთან არ დადის.