საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, აწ უკვე “ქრისტეს საფლავის მცველმა” და თან “სიონის მეგობარმა” ისტორიული შანსი გაუშვა ხელიდან, ხიდი გაედო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, ისრაელში, ჰოლოკოსტისადმი მიძღვნილ რიგით მე-5 საერთაშორისო ფორუმზე.
ისრაელის ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს გვერდიდან არ მოშორებიან (“რია ნოვოსტის” ფოტო).
იერუსალიმი იდეალური ადგილი იქნებოდა ასეთი მოკლე, გაცნობითი ხასიათის შეხვედრისათვის, თუნდაც ფეხზე დგომით ფორმატში. შეიძლებოდა ამ საქმის წინასწარ ორგანიზება, სხვადასხვა არხით, მაგრამ არა, საქართველოს პრეზიდენტმა არჩია დამკვირვებლის როლში ყოფნა და კარგად დააკვირდა კიდეც, როგორი ტრიუმფით ჩაიარა რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტმა იერუსალიმში, როგორ დაჩრდილა მან ყველა დანარჩენი ლიდერი, ხოლო პოლონეთის და ლიტვის პრეზიდენტებმა ჩამოსვლაც ვერ გაბედეს – ისინი გაირიყნენ ცივილიზებული საზოგადოებისაგან, რომელმაც ნაციზმის მსხვერპლთ პატივი მიაგო.