“სპამი”, “ფლუდი” და “ტროლინგი” – გახარიას “ინბოქსი” მალე აივსება კონგრესმენთა წერილებით

ამერიკელი კონგრესმენები აგრძელებენ საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიასთვის წერილების გზავნას. ქართული სააგენტოებიც ბეჯითად აქვეყნებენ მათ წერილებს. 24 იანვრის საღამოს და 25 იანვრის დილით უკვე მეორედ გვიხდება ამისთანა წერილის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

ამჯერად, კონგრესმენი ბრაიან ბაბინი გაისარჯა. განსხვავებით პიტ ოლსონისაგან, ბაბინი უფრო ვრცლად იწერება და არ შემოიფარგლება “ტვიტერით”, იგი პირდაპირ გახარიას უგზავნის წერილს. ამ წერილის ასლი კი კონგრესმენმა ამერიკის მთავრობის წევრებს, მათ შორის, საგარეო მინისტრ მაიკ პომპეოსაც გადაუგზავნა.

ბაბინი, რა თქმა უნდა, უკმაყოფილოა ამერიკული ინვესტიციებისთვის საქართველოში კლიმატის გაუარესებით. მაგრამ პატივცემული კონგრესმენი ბაბინი გაიშიფრა, როგორც საპნის ბუშტი “ფრონტერას” ლობისტი – ისიც “ფრონტერას” თემაზე ამახვილებს ყურადღებას და საყვედურებით ავსებს საქართველოს მთავრობის მეთაურს.

კონგრესმენის წერილი მთლიანად, “ინტერპრესნიუსმა” გამოაქვეყნა. ჩვენს მხრივ დავძენთ, რომ ყოველივე ეს ცუდად დადგმულ კომედიად იქცა. ამერიკელი კონგრესმენების გახშირებული წერილები უკვე “სპამს” (არასასურველი რეკლამა), “ფლუდს” (მესიჯებით ფოსტის “წალეკვა”) და “ტროლინგს” (არაადეკვატური შინაარსის მესიჯების გაგზავნა, მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანის მიზნით) დაემსგავსა.