ბოლტონის შურისძიება ტრამპზე

ტრამპის აფერის გამოძიება გრძელდება. პრეზიდენტის მიერ გასული წლის შემოდგომაზე უშიშროების საკითხებში მრჩევლის თანამდებობიდან გათავისუფლებულ ნეოკონსერვატორ ჯონ ბოლტონს შურისძიების შანსი მიეცა.

ტრამპის ვერსიის საწინააღმდეგოდ, ბოლტონი ამტკიცებს, რომ უკრაინისადმი ფინანსური დახმარების გაგრძელება ტრამპმა აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, დემოკრატ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ უკრაინაში გამოძიების დაწყებას მიაბა. ბოლტონის ვერსიით, გასული წლის აგვისტოში ტრამპმა მას უტხრა, რომ კიევისთვის გათვალისწინებული 391 მილიონი დოლარი გაიყინება, ვიდრე უკრაინა არ ითანამშრომლებს ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების საკითხში.

ბოლტონი წიგნს ამზადებს გამოსაქვეყნებლად, ზემოთ აღნიშნული ვერსია მან ამ წიგნისთვის დაწერა, თუმცა იგი “ნიუ-იორკ ტაიმსს” გადასცა, რომელმაც გამოაქვეყნა კიდეც.

პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე მოახდინა რეაგირება ამ პუბლიკაციაზე და “ტვიტერზე” დაწერა, რომ ბოლტონი ამ გზით ცდილობს, თავისი მომავალი წიგნი უკეთ გაასაღოს.