ვფიქრობ, ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო, ასევე ჯანდაცვისა და სხვა უწყებები ერთიან საკოორდინაციო ჯგუფში არიან ჩართული და ყველაფერი კეთდება ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით აუცილებელი პრენევციული ღონისძიებების გატარებისთვის.
„პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ლიდერობა ამ პროცესზე, მაგრამ ყველანი ვმონაწილეობთ. ხორციელდება სკრინინგი ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე და ჩვენც ვართ ჩართული, თუმცა ვფიქრობ, მოგვიწევს ამ გადაწყევტილების მიღება და ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება, მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად. ჩვენ ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება მიიღება, რათა უფრო მშვიდად ვიყოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ამასთან, გაუქმდა პეკინი-ურუმჩი-თბილისის 25 და 27 იანვარს დაგეგმილი პირდაპირი ავიარეისები. როგორც საქართველოს პირველ არხს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, ფრენები ჩინური მხარის გადაწყვეტილებით გაუქმდა, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით.