ვინ არის დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის დამკვეთი?!

სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ზაზა მურჯიკნელი დააკავეს.

სასამართლო სხდომაზე მურჯიკნელმა განაცხადა, რომ ამ დანაშაულთან შეხება არ აქვს, თუმცა საგულისხმოა, რომ თავად დაზარალებული, დოდო გუგეშაშვილი გამოძიებას ნდობას უცხადებს. „ჰოთნიუსი“ გუგეშაშვილის ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილს ესაუბრა, რათა გაერკვია, რა მტკიცებულებები არსებობს საქმეში ზაზა მურჯიკნელისთვის ბრალის დასადასტურებლად:

„დაკავებული ზაზა მურჯიკნელი დამნაშავეა თუ არა, ამას სასამართლო დაადგენს, თუმცა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს აკმაყოფილებს საქმეში არსებული მტკიცებულებები. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა განაცხადა, რომ ეს პიროვნება ამოიცნო თავად დაზარალებულმა, დოდო გუგეშაშვილმა და ორმა მეზობელმა, რომელმაც ის დაინახეს. ასევე მტკიცებულებებად მოიყვანა ვიდეოჩანაწერები და სატელეფონო ანძები, სადაც მისი ტელეფონი ფიქსირდება. არის კიდევ მტკიცებულებათა სხვა ბაზა, რომელსაც პროკურატურა ჯერ არ ასაჯაროვებს, თუმცა თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ბრალის წარსადგენად საკმარისი მტკიცებულებები არსებობს“. 

არსებობს თუ არა ამ დანაშაულის დამკვეთი? – ადვოკატის თქმით, ამის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები გრძელება.

„რაც შეეხება დამკვეთს, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პიროვნებას არც იცნობდა და რაიმე პიროვნული მტრობა მასთან არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით 2 თუ 3 შეხვედრას, სრულიად ნეიტრალურს, რასაკვირველია, ამ კაცს პირადი მოტივი არ უნდა ჰქონოდა. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია, იყოს შემკვეთი, მაგრამ სანამ სხვა მტკიცებულებები არ გამოვლინდება, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ამ კითხვას ვერავინ გასცემს პასუხს, თუმცა, გრძელდება გამოძიება“. 

წყარო: “ალია”