ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-სა და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაქსიმ კალაშნიკოვმა შეკითხვა დაუსვა:
„საქართველო ყოველთვის იყო სტუმართმოყვარე ქვეყანა, რომელიც მასპინძლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა უნდა გაიმართოს თქვენს ქვეყანაში. თქვენ ასევე უმასპინძლეთ მართლმადიდებელი ქვეყნების კონგრესს, თუმცა სტუმართმოყვარე ქვეყნის პრეზიდენტმა არ დაგმო რუსეთის დელეგაციის წევრის ცემა. თქვენი ქვეყანა ხდება საშიში არა მხოლოდ პოლიტიკური, რელიგიური, ეროვნული უმცირესობების მიმართ, არამედ პარლამენტარებისთვისაც. რა არის ამაზე თქვენი პასუხი?“- იყო კალაშნიკოვის შეკითხვა.
როგორც ხედავთ, კითხვა ორი ნაწილისგან შედგება: ერთია, თუ რას აპირებს საქართველო საპარლამენტო ასამბლეის ჩასატარებლად ამა წლის მაისში და მეორეა, თუ რატომ არ დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის ოფიციალურ დელეგაციაზე ფიზიკური თავდასხმა შარშან. ზურაბიშვილმა მხოლოდ შეკითხვის პირველ ნაწილს უპასუხა (ეს პასუხი რამდენად დიპლომატიურია და სასარგებლო – ცალკე განხილვის თემაა!), რადგან მეორე ნაწილზე, ჩვენი ქვეყნის-და სამარცხვინოდ, სათქმელი არაფერი აქვს:
„რუსი კოლეგის კითხვა ძალიან საინტერესოა, რადგან შემიძლია, ძალიან მკაფიოდ ვუპასუხო მას. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც უნდა უმასპინძლოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მაისში. ამ ღონისძიებისთვის საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც უკრძალავს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას იმ პირებს, რომლებიც ჩვენი ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს კანონი რუსეთის დელეგაციის ბევრ წევრს შეუზღუდავდა ქვეყანაში შემოსვლას, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული პოლიტიკისგან განსხვავებით, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს. ვაპირებთ, პატივი ვცეთ საერთაშორისო ვალდებულებებს და მივიღოთ საპარლამენტო ასამბლეა, როგორც ამას ორგანიზაციის პრინციპები და წესები გვკარნახობს. ეს არ არის მარტივი. ამას მარტივად არ იღებს მოსახლეობა, თუმცა ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან ვიცავთ ჩვენს პრინციპებსა და ამ ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს“, – განაცხადა პასუხად სალომე ზურაბიშვილმა.