ლავროვის წინაშე შიშს ევროპის შიშიც ემატება და ვიღებთ მარგველაშვილს

პლატონის და არისტოტელეს, კანტისა და ჰეგელის მემკვიდრე ანუ ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ერთ დროს ივანიშვილის ფავორიტი და ქვეყნის პრეზიდენტი იყო, ფილოსოფიურ-გეოპოლიტიკურ განსჯებში შევიდა და ღრმა წიაღსვლებში განაცხადა:

“მოდით ამას შევხედოთ ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით. ლავროვის არშემოშვება შეიძლება საქართველოსთვის საშიში იყოს? გეტყვით, რომ  კი. იმიტომ რომ ლავროვის არშემოშვებით ჩვენ შეიძლება გავაბრაზოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ისინი ვინც სწორედ ლავროვისგან გვიცავენ, ისინი ვინც აძლიერებენ ჩვენს არაღიარების პოლიტიკას. შეიძლება ისინი გაღიზიანდნენ ? -კი. შეიძლება საქართველოს შესახებ ნეგატიური პიარი წავიდეს სწორედ ჩვენს პარტნიორებს შორის? – კი ეს საშიშროება არსებობს. მეორე მომენტია, ლავროვის არ შემოშვებით რა შეიძლება მოვიგოთ. მოვიგებთ ღირსების მომენტს, მაგრამ საფრთხის ქვეშ დავაყნებთ ჩვენს იმიჯს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. შეიძლება, ჩვენზე თქვან, რომ არ გვესმის დიპლომატიის საფუძვლები. ამ შემთხვევაში, მე მგონი, ლავროვის შემოშვება შესაძლებლობასაც გვაძლევს. ლავროვის აქ ვიზიტის დროს ფაქტიურად ყველა ევროპული არხი ფოკუსირებული იქნება თბილისზე. ლავროვის ჩამოსვლას სავარაუდოდ საზოგადოება შეხვდება მიუღებლობით – “ლავროვი არ გვინდა, ევროპა გვინდა, ანგარიშს გიწევთ რამდენადაც ეს ჩვენთვის მიუღებელია”…  ეს იქნებოდა ჩემი სცენარი იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში მე შევძლებდი და დავანახებდი მთელ მსოფლიოს, რამდენად მიუღებელია ოკუპაცია  ქართველებისთვის”, – განაცხადა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გიორგი მარგველაშვილმა.