„ჩვენთან ჯერჯერობით ინფიცირებული არ დაფიქსირებულა. პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ სიტუაცია მსოფლიოში სერიოზულია”, – ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ამირან გამყრელიძის თქმით, საზოგადოების ინფორმირებისა და დამშვიდებისთვის უწყება ბრიფინგებს ეტაპობრივად ჩაატარებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში სერიოზული მზადებაა. საქართველო კვლავ რჩება მწვანე ზონაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსით ინფიცირების რისკი ჩვენს ქვეყანაში მინიმალურია.
პარალელურად მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია და გამკაცრებულია სასაზღვრო კონტროლი. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეჩერდა, სატრანზიტო რეისებით ჩამოსულ მგზავრებს თერმული სკრინინგი მაინც უტარდებათ.
„ქვეყანა ვირუსის შესაძლო გავრცელების შემთხვევაში სრულ მზადყოფნაშია. გადამზადებულია სამედიცინო პერსონალი, ინფექციური საავადმყოფოები მზად არიან საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს დახმარება აღმოუჩინონ” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ამავე ბრიფინგზე დაავადაბათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის უწყება ვირუსთან საბრძოლველად ფინანსურადაც მზად არის და ასევე ძლიერდება ლუგარის ლაბორატორიაც.
ბოლო მონაცემებით, ფატალურმა ვირუსმა ჩინეთში 170 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 7700-ს გადააჭარბა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ: ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და კანადაში.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.
ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.