ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის ფონზე პომპეო კიევს მოინახულებს

დღეს, ხუთშაბათს, უკრაინას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა – ამერიკულ სენატში პრეზიდენტის წინააღმდეგ ინიცირებული იმპიჩმენტის პროცესის ფონზე. ამ იმპიჩმენტის მთავარი მიზეზი კი სწორედ უკრაინაა.

შეგახსენებთ, სკანდალი უკავშირდება ტრამპის სავარაუდო ზეწოლას უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკიზე, რომ ამერიკული დახმარება უკრაინისათვის დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, თუ რამდენად ითანამშრომლებდა უკრაინული მხარე ტრამპის ადმინისტრაციასთან, ახლანდელი პრეზიდენტის მოწინააღმდეგე, ყოფილი ვიცეპრეზიდენტ ბაიდენის წინააღმდეგ. “დემოკრატი” ჯო ბაიდენი, ასევე სავარაუდოდ, გარეულია კორუფციულ სქემებში და მას პირადი ინტერესები აქვს უკრაინის ენერგეტიკულ სფეროში. ტრამპის მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი იმპიჩმენტის ღირსია, ვინაიდან მან თავისი პირადი მოწინააღმდეგის, ჯო ბაიდენის საკითხს დაუკავშირა სახელმწიფო პოლიტიკა – ამ შემთხვევაში, უკრაინის დახმარება-არდახმარების თემა. სხვა სიტყვებით, აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს შანტაჟისტობაში სდებენ ბრალს.

პომპეო პირველი მინისტრია აშშ-ის მთავრობიდან, რომელიც კიევს ვოლოდიმირ ზელენსკის გაპრეზიდენტების შემდეგ ეწვევა. ზელენსკიმ უკვე გამოხატა წუხილი, რომ ვაშინგტონში ატეხილი სკანდალის ცენტრში უკრაინის ფიგურირება ცუდად აისახება თავის ქვეყანაზე, ვინაიდან, ამერიკელი პოლიტიკოსები უფრო დიდ სიფრთხილეს იჩენენ უკრაინელებთან კავშირ-ურთიერთობების მიმართ.

ჯერ-ჯერობით, ამერიკას დანიშნული ელჩიც არ ჰყავს უკრაინაში. ამ მხრივ უკრაინელებს საქართველომ “დაასწრო”, რომელსაც პატივი ერგო და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი უკვე ოფიციალურად დაინიშნა და თბილისში ჩამოვიდა კიდეც.

კიევის მონახულების შემდეგ, მაიკ პომპეო ბელარუსს, ყაზახეთსა და უზბეკეთს ეწვევა. ეს ვიზიტები იანვრის დასაწყისში იყო დაგეგმილი, მაგრამ ერაყში გართულებული ვითარების გამო გადაიდო.