ჭიდილი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში ბუნებრივი აირის გამო ახალ ფაზაში შევიდა – თურქული გემი “ორუჩ რეის”, რომელსაც გეოლოგიურ-კვლევითი ფუნქციები აკისრია, საბერძნეთის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში შევიდა.
საბერძნეთის კუნძული კრეტა, რომელიც კონტინენტური საბერძნეთიდან სამხრეთის მიმართულებით, შედარებით შორს მდებარეობს, მოიცავს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას ზღვაზე, კუნძულის სამხრეთით, სადაც ბუნებრივი აირის დიდ მარაგებს ვარაუდობენ. თურქეთი კი მიიჩნევს, რომ ეს აკვატორია არ ეკუთვნის საბერძნეთის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას, მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთს, კუნძული კრეტის გარშემო, აქვს კუთვნილი აკვატორია.
თურქულ გემს თან აედევნა ბერძნული ფრეგატი, რომელიც “ორუჩ რეისის” გადაადგილებებს აკვირდებოდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თურქების მიზანი იყო საბერძნეთის რეაქციის მოსინჯვა “ორუჩ რეისის” ამ ცალმხრივ მოქმედებებზე.
როგორც ცნობილია, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიიპ ერდოღანმა გასულ კვირას ლიბიასთან შეთანხმებულ საზღვაო ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის ძებნა დააანონსა – “რაც შეიძლება, ჩქარა”- განაცხადა ერდოღანმა. თურქეთსა და საბერძნეთს შორის სადაო აკვატორია ლიბიის სანაპიროსა და კუნძულ კრეტას შორის მდებარეობს.