ხელისუფლების და “ქართული ოცნების” ლაპარაკი ე. წ. კოჰაბიტაციის დასრულების შესახებ ლაპარაკად რჩება. ეს განსაკუთრებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეხება. აჭარაში კოჰაბიტაცია ნეპოტიზმთან ანუ კადრების ნათესაურ-კლანური ნიშნით შერჩევასთან არის გადახლართული.
აჭარის მთავრობის თამჯდომარის, თორნიკე რიჟვაძისადმი, მამამისის მიერ “ნაცების” დროინდელ ძალოვნობასთან დაკავშირებით კითხვები ისედაც არსებობს, მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევების გამო. როგორც ბათუმელი აქტივისტი ირაკლი ჯანყარაშვილი გვატყობინებს (ჯანყარაშვილი ბათუმის ქიმიური ტერმინალის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია):
“ვერავინ წარმოვიდგენდით მეგის ქარდავას დროინდელ სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსანს, რიჟვაძის მეჯვარეს, ბ-ნ არჩილ ჩიქოვანს მთავრობის აპარატის ხელმძღვანელად.
თორნიკე რიჟვაძემ პირველივე დღეს მამამისის უკანონო დარბევების “გაპრავება “დაიწყო, მეორე დილით კი უკვე მეგის ქარდავას პირადი დამქაში და დავით რიჟვაძეზე არანაკლები უკანონობის ჩამდენი ჩიქოვანი წარმოგვიდგინა, რომელიც პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებდა სამხედრო პოლიციის თანამშრომლებს, 2011-2012 წლებში კი იმუქრებოდა, ვინც ბიძინა ივანიშვილს მისცემს ხმას, ჯიბეებს წამლით ავუვსებო” – ამბობს ჯანყარაშვილი “ნიუსფრონტთან” საუბარში.