ოპოზიცია დღეს „სირცხვილის კორიდორს“ მოაწყობს

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნის პარალელურად, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე „სირცხვილის კორიდორს“ მოაწყობენ.

როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ე.წ. „სირცხვილის კორიდორი“ 13:00 საათამდე გაგრძელდება და განსხვავებული იქნება, რადგან არ მოხდება გზის გადაკეტვა.

„ჩვენმა მშვიდობიანმა პროტესტმა სრული მხარდაჭერა მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე იმიტომ, რომ არც ერთხელ ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია და რაც მთავარია, სიმართლე ჩვენს მხარესაა. ერთი რამ მინდა ვუთხრა “ქართულ ოცნებას” – ჩვენ უკან არ დავიხევთ და ვიბრძვით, რადგან გვიყვარს ჩვენი სამშობლო”, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, დღეს, 4 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. პირველი პლენარული სხდომა მიმდინარე კანონპროექტების განხილვას დაეთმობა. საკანონმდებლო ინიციატივების განხილვამდე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განაცხადებები გაკეთდება.