სარქისიანის ვიზიტის შემდეგ, ისრაელში სომხური გენოციდის აღიარების შესაძლებლობაზე საუბრობენ

ისრაელში სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანის ვიზიტის შემდეგ, ადგილობრივ პრესაში გამოჩნდა პუბლიკაციები, რომლებშიც დასმულია სომხური გენოციდის აღიარების საკითხი.

სომხეთის პრეზიდენტმა ასევე ინტერვიუ მისცა ისრაელის საზოგადოებრივ ტელეკომპანიას, სადაც აღნიშნა, რომ ელის ისრაელის მხრიდან გენოციდის აღიარებას. ამავე თემაზე შედგა საუბარი კნესეტის სპიკერთან, იული ედელშტეინთან.

აზერბაიჯანულ რესურს, “მედია.აზ”-თან საუბრისას, “ისრაელ-აზერბაიჯანის საერთაშორისო ასოციაციის” გენერალურმა დირექტორმა ლევ სპივაკმა აღნიშნა, რომ მრავალი წლის მანძილზე სომხეთმა გენოციდის თემის პროპაგანდის გაწევა შეძლო ისრაელში. მალე სომხეთი საელჩოსაც გახსნის ისრაელში. ყოველივე ეს კი ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე მიმდინარობს, “ასე რომ, ვაღიაროთ გენოციდი თურქების ჯიბრზე – ასეთი იდეა ისრაელში არსებობს” – ამბობს ლევ სპივაკი.

მან ასევე აღნიშნა, რომ სომეხმა ისტორიკოსებმა დიდი ხანია, ურთიერთობები დაამყარეს ისრაელის სამეცნიერო ცენტრებთან, ებრაელ ისტორიკოსებთან და გენოციდის თემა მათ თანდათან შემოაპარეს.