ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ჩინეთში იზრდება. ამის შესახებ BBC წერს. ბოლო მონაცემებით, საშიშმა დაავადებამ ქვეყანაში 425 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 20 000-ს აღემატება.
ამასთან ცნობილი გახდა, რომ ჰონგ-კონგში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
South China Morning Post-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი 39 წლის პაციენტია, რომელიც მკურნალობას პრინცესა მარგარეტის საავადმყოფოში გადიოდა. 21 იანვარს ის ქალაქ უჰანში იმყოფებოდა, 31 იანვარს კი ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოს მიმართა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე 23 ქვეყანაში გავრცელდა.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.
რა არის კორონავირუსი და რა რეკომენდაციებს აძლევს მოგზაურებს ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი, იხილეთ მითითებულ ბმულებზე.