“პირველ რიგში, მინდა ვთხოვო ყველას, სოციალური თემატიკა არ გამოიყენონ პოლიტიკური ვაჭრობისთვის, მითუმეტეს, როცა ეს ეხება ბავშვებს” – განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ კითხვაზე, რომელიც ბავშვების შიმშილობაზე გაკეთებულ კვლევას ეხებოდა.
“რაც შეეხება ბოლოდროინდელ მონაცემებს, თითქოს დღესდღობით 77 000 ბავშვი შიმშილობს და ყოველდღიურად 300 ბავშვი ამის გამო იღუპება, ეს არ არის სწორი, ეს არ შეესაბამება რეალობას, თუმცა, რა თქმა უნდა, ვაღიაროთ, რომ ბავშვთა სიღარიბე დღესდღეობით, ჯერ ისევ პრობლემად რჩება” – თქვა ხუნდაძემ და ბავშვთა სიღარიბის აღმოსაფხვრელად “სახელმწიფოს ბოლო პერიოდში განხორციელებულ ინიციატივებზე” ისაუბრა.
“ეს არის სოციალურად დაუცველბავშვიანი ოჯახებისთვის, გარდა სოციალური შემწეობისა, რაც გაიცემა თითოეულ წევრზე, მათ შორის ბავშვზე, ბავშვებს დამატებით კიდევ ეძლევათ 50-ლარიანი დახმარება და ეს ეხება დაახლოებით 134 000 ოჯახს.
ასევე მოქმედებს ქვეყანაში ყოველი მესამე და მომდევნო ბავშვის დაფინანსების პროგრამა, როცა ბავშვი ბარში იღებს ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით დახმარებას და მთის სტატუსის მქონე დასახლებებში 200 ლარის ოდენობით ყოველთვიურ დახმარებას, სანამ ბავშვი არ გახდება ორი წლის. ამას ემატება მთის შესახებ კანონი, სადაც ამ ბენეფიტებს კიდევ ემატება პირველ და მეორე ბავშვზე ყოველთვიური დახმარება.
ასევე, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის მივიღეთ კანონი, ყოველ მეოთხე და მომდევნო ბავშვზე არის ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამა.
რა თქმა უნდა, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს, რომ ბოლომდე იქნეს დაძლეული ბავშვთა სიღარიბე, მაგრამ რეალობა როგორც იხატება და მითუმეტეს პოლიტიკური ჯგუფებისგან, ეს ასე ნამდვილად არ არის. რეალობას გავუსწოროთ თვალი, ობიექტურობის ვალდებულება ყველამ ავიღოთ, მაშინ დავგეგმავთ სწორად და მაშინ მივიღებთ შემცირებულ სიღარიბეს და არამხოლოდ პოლიტიკურ სარგებელს” – ამბობს ხუნდაძე.
გაეროს ბავშვთა ფონდის 2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ბავშვების 6.8% ცხოვრობს (უკიდურესი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია $1.25 დღეში).
UNICEF-ის კვლევით, 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვების მონაცემები 4.3%-ით გაიზარდა.
ამასთან, კვლევის მიხედვით, 2015 წლიდან 2017 წლამდე საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა (საარსებო მინიმუმად დადგენილია თვეში 148.3 ლარი).
კვლევის მონაცემებით, საქართველოში ყოველი მე-5 ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული არ არის.
ამავე კვლევის მიხედვით, ბავშვების 22.1% საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. 2015-დან 2017 წლამდე საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 6.5%-ით გაიზარდა.