გვაქვს მეორე ვირუსი კიდევ, რომელიც აგერ პარლამენტის კართანაც არის ხოლმე მომდგარი, ეს უკვე პოლიტიკური ვირუსი და ეპიდემიაა, „ნაციონალური ვირუსი“, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში მისულ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს.
ნუკრი ქანთარიამ იმედი გამოთქვა, რომ უწყებების საქმიანობის წყალობით „ნაციონალური ვირუსის“ არეალი შემცირდება.
„მადლობა თქვენ და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ყველას, ვინც დგას ჩვენი საზღვრების სადარაჯოზე და არ უშვებს იმ უბედურებას, რასაც ჰქვია კორონავირუსი. თუ თქვენ მოახერხებთ ამას, რომ მიუღწეველი იყოს ამ ჭირისთვის საზღვრის გადმოლახვა, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი გამარჯვება. გვაქვს მეორე ვირუსი კიდევ, რომელიც აგერ პარლამენტის კართანაც არის ხოლმე მომდგარი. ეს უკვე პოლიტიკური ვირუსი და ეპიდემიაა – ნაციონალური ვირუსი. მაგრამ მისი არეალი არ არის ისეთი დიდი. ვისაც უნდა გადადებოდა – გადაედო და მე მგონია, რომ ყოველი თქვენგანის და ასევე სხვა სფეროების წარმომადგენლების საქმიანობაც შეუწყობს ხელს იმაში, რომ ამ ვირუსის არეალი დაპატარავდეს და შემცირდეს“, – განაცხადა ქანთარიამ.