დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე რამდენიმე მოწოდებით გამოვიდა.
ამირან გამყრელიძემ მიმართა ტელევიზიებს და მედია საშუალებებს, რომ თუ შესაძლებელი იქნება, სოციალური რეკლამის სახით გადაცემებში ის რეკომენდაციები გაშუქდეს, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით არსებობს. გამყრელიძის თქმით, ეს მეთოდი ძალიან წაადგება საერთო მიზანს, რომელსაც კორონავირუსისგან თავის დაცვა წარმოადგენს.
გამყრელიძემ დიდი ქალაქების მერიებს მიმართა და მოუწოდა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდეს გარკვეული სარეკლამო ადგილების დათმობა კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების გავრცელებისთვის.
გამყრელიძემ ასევე მოწოდება გააკეთა, სამედიცინო, სასწავლო, სავაჭრო და ყველა იმ დაწესებულების ხელმძღვანელობის მიმართ, სადაც საზოგადოების თავშეყრა ხდება, რომ მაქსიმალურად იქნეს მიწოდებული ინფორმაცია ამ დაავადების და მისი პრევენციის მეთოდების შესახებ და ასევე რამდენადაც შესაძლებელი იქნება, ყველგან იყოს ხელების ჰიგიენის საშუალება, კერძოდ კი სადეზინფექციო ხსნარი.