სააკაშვილი “სანაცეთს” ტოვებს?! ყვავო, სადაც წახვალ, შენს გასვრილ უკანალს თან წაიღებო…

პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება, სადაც ექსპრეზიდენტმა მისი „პირადი შტაბის“ შექმნაზე ისაუბრა.

„პრაქტიკულად, მიშა ნაცმოდან მიდის და დისტანციურად ახალ პარტიას ქმნის. 2016 წელს, არჩევნების შემდეგ, მიშამ საკუთარი პარტია „გაწმინდა“ იმ ხალხისგან, ვინც ახლა ევროპული საქართველოს ხელმძღვნელობას შეადგენს. მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ ისინი ბევრ (თუმცა არა ყველა) გადაწყვეტილებას მისგან დამოუკიდებლად იღებდნენ; მას იმედი ჰქონდა, რომ ამით პირად კონტროლს დაიბრუნებდა პარტიაზე.

როგორც ჩანს, ამ „გაწმენდილმა“ პარტიამაც გაუწბილა იმედები. მისი ზოგი წამყვანი წევრი (ვაშაძე, მელია) ხანდახან ბედავდა, რაღაცაში საჯაროდ არ დათანხმებოდა (არასაჯაროდ რა ხდებოდა, არ ვიცი). ახლა საკუთარი, პირადი მოძრაობა უნდა შექმნას. ენმ მოიხსენია, როგორც ერთ-ერთი ოპოზიციური ძალა, რომელთანაც ასევე ითანამშრომლებს.

ამ მიმართვაში საინტერესო (შესაძლოა – მთავარი) ისაა, რომ პირველი პირის ნაცვალსახელს სულ მხოლობითში ხმარობს – „მე გავაკეთე“, „მე გადავაბარე მმართველობა“ და ა.შ. (ეს მისი ბოლო გამოსვლების საერთო ტენდენციაა). წინა ხელისუფლების მიღწევები პირადად მისია და ბიძინაც პირადად მან უნდა გადააყენოს.

„ჩვენ“ იხმარა მხოლოდ ერთხელ: „ჩვენ გიჟებს გვეძახდნენ“. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მართლა მხოლობითში უნდა ეთქვა: მას ეძახდნენ გიჟს და არა ვანო მერაბიშვილის, ზურა ადეიშვილს, გიგი უგულავას ან გიგა ბოკერიას (მათ სხვა რამეებს ეძახდნენ, გიჟებს არა). რომ არაფერი დამაბრალონ: სამართლიანად ეძახდნენო, არ ვამბობ, უბრალოდ, პირადად მას ეძახდნენ.

როგორც ფეისბუქზე კომენტარებიდანაც ჩანს, რაღაც რაოდენობის ხალხს მიშას ეს გადაწყვეტილება მოეწონება, რადგან მათ არ ესმით, რა არის „პარტია“ და „ორგანიზაცია“ და ესმით მხოლოდ „ლიდერი“. მაგრამ ასეთი ხალხი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მიშას ჰგონია (ეს საიდან უნდა იცოდეს?).

ენმ-ს მიშას გარეშე საერთოდ რა ეშველება, გაურკვეველია. ეს ეპიზოდი ცოტა მაგონებს ივანე მრისხანის წასვლას, რის შემდეგაც ბოიარები ხოხვით ეახლნენ. ახლაც რაღაც ამგვარი უნდა მოხდეს?

ამ ყველაფრის ობიექტურ შედეგებს რაც ეხება, იმასვე ვიტყვი, რასაც 2016 წელს იმ პარტიის დაშლის დროს ვამბობდი: მოგებული აქედან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმია.

მიშას ნაბიჯის კიდევ ერთი მსხვერპლია საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის იდეა, რომელიც თავისი ჩანაფიქრით ძალიან კარგი პროექტი იყო. ბიბლიოთეკა პარტიის შტაბი არ უნდა იყოს. (კი მეტყვიან, ბიბლიოთეკას რას დაეძებო, მაგრამ რა ვქნა, მომწონდა ის ბიბლიოთეკა)”,- წერს ნოდია სოციალურ ქსელში.

პ.ს.’ანდაზა გავიხსენოთ :”ყვავო სადაც წახვალ, შენს გასვრილ უკანალს თან წაიღებო”…