ნინო ქათამაძე ბახმაროში “ორბის” მშენებლობას აკრიტიკებს

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მშენებლობები საქართველოში, უმეტეს შემთხვევაში, გათვლილია დანახარჯის სწრაფ ამოღებაზე, რის გამოც ნაგებობათა ხარისხი, რბილად რომ ვთქვათ, ჯეროვან დონეზე არ არის. მომღერალი ნინო ქათამაძე ნეგატიურად აფასებს კურორტ ბახმაროში მიმდინარე სამუშაოებს და კომპანია “ორბის” მიმართ კონკრეტული პრეტენზიებს გამოხატავს:

“როდესაც საუბარია მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორების ჯგუფზე, ვინც ახალი ბახმაროს გალამაზება უნდა შემოგვთავაზოს, დაიდოს თითოეულის სახელი და გვარი, იმ ბახმაროს მსგავსი მთის კურორტების პროექტები და ჩამონათვალი, რომელიც მათ გაალამაზეს და აჩუქეს მსოფლიოს!

ვიდრე მსოფლიოში საუკეთესო არქიტექტორებს დაუწყებდით ძებნას, მოგენახათ ის ადამიანები და შეიძლება ითქვას ბახმაროს ექსპერტები, რომელთან საკუთარი შრომით, გამძლეობით, ამტანობით და ბევრი ფიზიკური ტკივილის ფასად არ დათმეს ბახმარო ბნელ 90-იან წლებში არ მიატოვეს გასანადგურებლად, მათ ზუსტად იციან, როგორი უნდა იყოს მომავლის ბახმარო, სწორედ მათ იციან, რა შეიძლება და რა – არა ბახმაროში!

განვითარების და უკეთესის წინაღმდეგი არასოდეს ვყოფივლვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში “ორბს” გპირდებით, რომ ყველა ჩემი რესურსით წინააღმდეგი ვიქნები ბეტონის ბახმაროს! თუ გაგვაცნობთ ზუსტ კონცეფციას, გაითვალისწინებთ თითოეული ბახმაროელის აზრს, არ წაართმევთ ამ კურორტს მომავლს და განავითარებთ ბეტონის გარეშე, მე მხოლოდ თანადგომას გამოგიცხადებთ!” – წერს თავის “ფეისბუკ”-გვერდზე ნინო ქათამაძე.