კიდევ უფრო მყარდება “ნიუსფრონტის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ აშშ-ში “ლობისტ” კონგრესმენებს ფული სჭირდებათ და მათ ქართული პოლიტიკა, როგორც ასეთი, შემოსავლის წყაროდ აქვთ გადაქცეული. ამის დასტურია რიგი კონგრესმენების ტონალობის ცვლილება არჩილ თალაკვაძის ვაშინგტონში ვიზიტის ფონზე. ცხადია, რომ აჩიკოს ლამაზი თვალებისთვის ამერიკელები არაფერს დათმობდნენ.
ასე, მაგალითად, “პრაიმტაიმი” დღეს იუწყება: აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობარი ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენი, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი (სურათზე – სააკაშვილის გვერდით – “ნიუსფრონტი”) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შტატებში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება.
„ხუთშაბათს მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომლის დროსაც ჩვენ ერთად დავადასტურეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ჩვენი საერთო მიზნები. მე მადლობას მოვახსენებ [პარლამენტის] თავმჯდომარე თალაკვაძეს ვიზიტისთვის ჩვენი ალიანსის მნიშვნელობის განხილვის მიზნით. მე ვაფასებ ჩვენს მეგობრობას.
შეხვედრის შემდეგ მე მქონდა შეხვედრა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მონაწილე სხვადასხვა მხარესთან. მართალია, მიღწეულია პროგრესი, მაგრამ ჩემთვის ისიც გახდა ცხადი, რომ მომავალში ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დარჩება გადაუჭრელი განსხვავებები/უთანხომება.
დემოკრატია იოლი საქმე არ გახლავთ. მართალია, პროტესტი ნორმალური მოვლენაა თავისუფალ ქვეყანაში, მაგრამ აუცილებელია, რომ იგი მშვიდობიანი იყოს. გარდა ამისა, მოქალაქეები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მათი მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანია ყველასთვის, დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური მიკერძოებისგან.
აუცილებელია, რომ საქართველოში ყველა დაინტერესებული/მონაწილე მხარე წავიდეს კომპრომისზე, რათა მიღწეული იყოს მათი მიზანი დემოკრატიასა და თავისუფლებასთან დაკავშირებით. როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, მე ერთგულად ვემსახურები აშშ-საქართველოს მტკიცე და ურყევი მეგობრობის საქმეს“ – წერს ადამ კიზინგერი.