დ.ბაქრაძის თქმით, უგულავა ციხიდან უფრო საშიში გახდება

მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, ციხეში მყოფი გიგი უგულავა თქვენთვის ბევრად უფრო საშიში იქნება, ვიდრე გარეთ მყოფი გიგი უგულავა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ქვეყანა მიიყვანა იქამდე, რომ არა მხოლოდ თვითონ მოექცევა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში, არამედ ქვეყანას შეუქმნის დასავლეთისგან იზოლირების საფრთხეს.

„სრულიად ნათელი იყო, რომ გიგი უგულავა გახლდათ პოლიტიკური სამიზნე. მაგრამ იმ ფორმამ, როგორც მოხდა და რა საბაბითაც მოხდა გუშინ მისი დაპატიმრება, ოდნავ მაინც ობიექტურ ადამიანს აღარ უნდა დაუტოვოს კითხვის ნიშანი, რომ გიგი უგულავა არის პოლიტიკური პატიმარი და გიგი უგულავას პატიმრობის უკან მკაფიოდ ჩანს პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესი. ამიტომ, გიგი უგულავას პოლიტპატიმრობა ძალიან მალე იქნება აღიარებული არამარტო ჩვენი საზოგადოების, არამედ ჩვენი უცხოელი მეგობრების მხრიდან. ამის ნიშნები უკვე არსებობს. მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, ციხეში მყოფი გიგი უგულავა თქვენთვის ბევრად უფრო საშიში იქნება, ვიდრე გარეთ მყოფი გიგი უგულავა. იქნება ძალიან მწვავე რეაქცია, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის ამოცანა უნდა იყოს, რომ ხელისუფლება წელსვე არჩევნების გზით სახლში გაისტუმროს.

„როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე კარდაკარ დადიოდნენ ვაშინგტონში და კონგრესმენებს გარანტიებს აძლევდნენ, რომ ამ ქვეყანაში ოპოზიციის დევნა არ მიმდინარეობს და პოლიტიკურ დიალოგში არიან ჩართული, მთელი ეს პროცესი თავზე ჩამოერღვევა „ქართულ ოცნებას“ და ყველა იმ მოტყუებული კონგრესმენისგან, სენატორისგან, ევროპარლამენტარისგან უნდა ველოდოთ უმწვავეს რეაქციას“, – განაცხადა ბაქრაძემ.