„მთავარი“ არხის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მოსამართლემ აუკრძალა “მთავარის” დირექტორობა, რასაც პატიმრობა ურჩევნია:
„მოსამართლემ ახსნა თვითონ ჩემთვის, უცნაურად, მან თქვა, რომ მისთვის ეს პროცესი პრიორიტეტულია. არ ვიცი რას ნიშნავს, როგორც ჩანს მის ენაზე პრიორიტეტულობა, მიკერძოებულობას ნიშნავს, იმიტომ რომ არავითარი წინაპირობები, რომელიც მან თქვა, რომ მრავალტომიანია თუ მრავალეპიზოდიანი თუ მრავალმოწმეებიანი, არაფერი ბევრი აქ როგორც შესასწავლი მასალის თვალსაზრისით არ არის, ასევე არც ბევრი მოწმე არ არის, აქ არ არის 1000 მოწმე, 60 მოწმეა დაახლოებით. ყოველ მეორე დღეს პროცესების ჩანიშვნა, ნიშნავს მარტივ რამეს, ამ მოსამართლემ მე ახლა ამგვარი გრაფიკით ეფექტურად ამიკრძალა ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორობა, მან მომხსნა ფაქტიურად თავის ჭკუით, ყოველ მეორე დღეს რომ პროცესია მე წინა დღით უნდა გავეცნო მასალებს, შეკითხვები დასვა, ვიცოდე და მზად ვიყო, იმიტომ, რომ მოწმეების დაკითხვაა და შესაბამისად მე მთელი თებერვალი, რომელიც მან ყოველ მეორე დღეს ჩანიშნა სამსახურში არ უნდა ვიარო.
ეს გამორიცხულია, არჩევანს ტელეკომპანია „მთავარს“ და ამ სამარცხვინო ავღიას თავლას შორის ვაკეთებ ტელეკომპანია „მთავარის“ სასარგებლოდ.
მე შემიძლია, როგორც ვუთხარი კვირაში ერთი დღე დავუთმო პროცესს, მეტი მე არა მაქვს, ჩემი დასვენების დღე შაბათს რაც მაქვს შემიძლია სხვა დღეს გადავიტანო. მე არ მოვალ ამ პროცესბზე, ჩემს გარეშე ეს პროცესები ვერ ჩატარდება. არ ვაპირებ სასწრაფო გამოვიძახო, ცნობა მოვიტანო, „ავადა ვარ“ მიშველეთ ვიყვირო, გამორიცხულია.
ეს არის რეალურად პოლიტიკური პროცესი, სამწუხაროდ პროცესის ბოლოს ეს აბსოლუტურად ცხადი გახდა. ეს მომართლე არის ამ ავღია თავლას ერთ-ერთი ბინძური ცხენი და მე მასთან კომუნიკაციას აკადემიურ ფარგლებში არ ვაპირებ. ვივლი კვირაში ერთხელ ისე, რომ შევძლო ჩემი ტელევიზიის ხელმძღვანელობა და თუ უნდათ, შეცვალონ აღკვეთის ღონისძიება და შემიცვალონ პატიმრობით. პატიმრობაში ჯდომა მირჩევნია იმას, რასაც ახლა ეს კაცი მთავაზობს. მატარონ ძალით პროცესებზე, პატიმრობაში გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს, წერტილი, ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა “ განაცხადა გვარამიამ.