გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სესიაზე განხილვის გარეშე უყრიან კენჭს. გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიიღეს. ამ წინადადებით ბიუროს წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მიმართა.
„გუშინ ჩვენ შვიდი საათის განმავლობაში ვუსმენდით გენერალური პროკურორობის კანდიდატს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კიდევ ერთი ძალიან მაღალი სტანდარტით განხილვის პროცესი დაამკვიდრა გენერალური პროკურორის არჩევის პროცესში. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ მხარეს, იქნებოდა ეს საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან თუ საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, ჰქონდათ სრული შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ დეტალური პასუხები.
ჩვენ ასევე მივეცით შესაძლებლობა იმ მოქალაქეებს, ვინც კომიტეტს მომართა, რომ მათაც ჰქონოდათ საშუალება, დასწრებოდნენ და არა მხოლოდ დასწრებოდნენ, არამედ შეკითხვებითაც მიემართათ კანდიდატისთვის. ამიტომ, საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა წარიმართა. ჩვენ რეგლამენტის სრული დაცვით უზრუნველვყავით კენჭისყრის პროცედურის განხორციელება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კერჭისყრა დღის მეორე ნახევარში გაიმართება. გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის ხმა არის საჭირო.