ამ ხელისუფლების დამხობის მერე გაიღება ამ ციხის კარები- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა და შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარისას განაცხადა.
ვანო მერაბიშვილი კმაყოფილია, რომ კომპრომისზე არ წავიდა და ბრძოლას აგრძელებს.
“ბატონები, ზუსტად 6 წელიწადი და 6 თვე ვიმყოფებოდი სამარტოვო საკანში. მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე. უპირველეს ყოვლისა არ წავედი კომპრომისზე საკუთარი თავის მიმართ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს გულშემატკივარს და ახლობელს, იმ ხალხს ვინც აქ არის და ვინც შორიდან მგულშემატკივრობს. მომავლის იმედით მე შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი, რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისათვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოსცილდეს. მე გაძლევთ გარანტიას რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება,” – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა და იმავე წუთიდან ამ ხელისუფლების დამხობისა და დასრულებისთვის ბრძოლის დაწყების გეგმაზე ალაპარაკდა.